ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საბავშვო ბაღს თოჯინების თეატრი ეწვია. 100 აღსაზრდელის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა .
"ეს არის ოზურგეთში არსებული მირანდა ვანიძის საოჯახო მარიონეტების თეატრი, რომელიც ჩვენს ბავშვებს დღესასწაულს ულოცავს სპექტაკლით „სამი გოჭი“, _უთხრა სტუმრებს საბავშვო ბაღის მენეჯერმა ნათია გობრონიძემ და ბავშვებთან ერთად მშობლებს, ყველა დამსწრეს მიულოცა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ამასთანავე, მადლობა მოუხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორს ავთანდილ მექვაბიშვილს:
"ეს სპექტაკლი მუნიციპალიტეტის გამგეობის, კონკრეტულად ავთანდილ მექვაბიშვილის თანადგომით გაიმართა ჩვენი ბავშვებისთვის. მან ეს „მოსიარულე და მოსაუბრე“ თოჯინები, თავისი დეკორაციებით, საჩუქრად გადმოგვცა", _ თქვა მან.
საზეიმო კონცერტის მეორე ნახევარში ბავშვებმა ლამაზად და შინაარსიანად წარმოადგინეს მუსიკალური პროგრამა და სპორტული თამაში: "მხიარული სტარტები". ბოლოს კი, საბავშვო ბაღის ეზოში მოეწყო ფერადი ცარცებით ასფალტზე ხატვა, ცაში კი ბუშტების თაიგული აუშვეს.