საქართველოს მთავარი პროკურატურა მედიასთან ურთიერთობის დოკუმენტს ადგენს. ამის შესახებ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საპროკურორო საბჭოს დღეს წარუდგინა.
ანგარიშის თანახმად, "დოკუმენტი მედიასთან თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ეფუძნება და რომელიც მოსაზრებების გამოსახატად პროკურატურამ მედიის წარმომადგენლებს უკვე გააცნო".
"დოკუმენტი ადგენს მედიასთან პროკურორთა ურთიერთობის სტანდარტებს და განსაზღვრავს ინფორმაციის გაცემის ფარგლებს. დოკუმენტი უახლოეს მომავალში განმეორებით წარედგინებათ მედიის წარმომადგენლებს, რის შემდეგაც მოხდება მისი პრაქტიკაში დანერგვა და პროკურორებისთვის გაცნობა", _ აღნიშნულია ანგარიშში.
აღნიშნული დოკუმენტის შესახებ სამართლის სფეროში მომუშავე მედიის წამომადგენელთა ნაწილს ინფორმაცია არ აქვს.
ამის გამო "გურია ნიუსი" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსს დაუკავშირდა და დოკუმენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გარკვევას შეეცადა. როგორც ნათია სუხიაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, პროკურატურის მედიასთან ურთიერთობის დოკუმენტის შემუშავების იდეა თავად მედიის წარმომადგენლებს გაუჩნდათ, რომლებიც გასულ წელს მთავარი პროკურატურის მიერ ორგანიზებულ სემინარზე იმყოფებოდნენ.
"შარშან, მედიის წამომადგენლები, ძირითადად, ტელევიზიის ჟურნალისტები, ტრენინგზე გვყავდა დაპატიჟებული. გაჩნდა იდეა, რომ შემუშავებულიყო პროკურატურის მედიასთან ურთიერთობის დოკუმენტი. მოვიწვიეთ უცხოელი სპეციალისტი, მოვისმინეთ მედიის წარმომადგენელთა რეკომენდაციები და შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც მედიას უახლოეს მომავალში წარედგინება", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სუხიაშვილმა.
მედიის წარმომადგენლეებისთვის დოკუმენტის გაცნობამდე მისი შინაარსი უცნობი რჩება.