ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, გამგებობის მიმდებარედ არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები ბოლო რამდენიმე დღეა წყლის ხარისხით, რომელსაც მათ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აწვდით, უკმაყოფილონი არიან.
მოსახლეობით ინფორმაციით, უკვე რამდენიმე დღეა, რაც ონკანიდან გამომავალ წყალს თმის ღერების მსგავსი საგანი მოჰყვება, ამიტომაც ისინი იძულებულები არიან სასმელად და საკვების მოსამზადებლად წყალი მაღაზიებში შეიძინონ.
"დაახლოებით ერთი კვირა იქნება, რაც შევამჩნიეთ, რომ წყალს თმის ღერის მსგავსი რაღაცეები მოჰყვება, ხან საკმაოდ ჭარბადაც. აქამდე ამ წყალს სასმელადაც ვიყენებდით, თუმცა ახლა იძულებულები ვართ საჭმლის მოსამზადებლად საჭირო წყალიც კი მაღაზიაში შევიძინოთ, ან ვინმეს კერძო ეზოში შევიდეთ და ჭით ვისარგებლოთ. დავრეკეთ კიდეც წყალმომარაგების კომპანიის ცხელ ხაზზე, იყვნენ მოსულები კომპანიის ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენლები, ნახეს, რაღაცეები შეამოწმეს, მაგრამ რა დაადგინეს არაფერი ვიცით, წყალს ისევ ისე ძველებურად მოჰყვება ბეწვები," – ამბობს მოსახლეობა ჩვენთან საუბარში.
რამდენად საფუძვლიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეთა ეს საყვედური და რამდენად უასფრთხოა მოსახლეობის ჯამრთელობისთვის წყალი, რომელსაც მათ წყალმომარაგების კომპანია აწვდით, ამის გასარკვევად კომპანიის ლანჩხუთის სერვისცენტრს დავუკავშირდით. სერვისცენტრის თანამშრომლებმა დაგვიდასტურეს, რომ მათ მართლაც მიმართეს აღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეებმა წყლის ხარისხიანობასთან დაკავშირებით.
"ამ ტერიტორიაზე 2009 წელს შეიცვალა მილები, რომელიც ბოლოში ჩაკეტილია და არ აქვს გამრეცხი, რის გამოც მილში გარკვეული სახის ნალექი გროვდება და შემდგომ ონკანიდან წყალს მოჰყვება. ადგილზე ავიღეთ სინჯი იმ ოჯახიდან, რომელმაც უშუალოდ მოგვმართა აღნიშნული პრობლემის თაობაზე, ასევე მეზობლებისგანაც, თუმცა ლაბორატორიული შემოწმების შედგეგ არანაირი ხარვეზი წყლის ხარისხთან დაკავშირებით არ გამოვლენილა და იგი ყველა საჭირო ნორმებს აკმაყოფილებს. წყალი დაქლორილია და ეს მილში არსებული ნალექი ვერანაირ უარყოფით გავლენას ვერ ახდენს მის ხარისხზე. თუმცა. თავისთავად ფაქტია, აუცილებელია მილის ბოლოში სპეციალური გამრეცხი გაკეთდეს და ეს პრობლემაც ამით მოგვარდება. ისე კი ჩვენ ვერანაირი ბეწვი ვერ აღმოვაჩინეთ ამ წყალში,"- -გვითხრეს წყალმომარაგების კომპანიის ლანჩხუთის სერვისცენტრის თანამშრომლებმა.