დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის გაზიფიცირების სამუშაოების პრეზენტაცია მოეწყო. სამუშაოები გახსნილად ქვეყნის ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ და "სოკარ-ჯორჯია-გაზის" გენერალურმა დირექტორმა აზერ მამედოვმა გამოაცხადეს. სტუმრების დასახვედრად ადგილზე სრულად იყო მობილიზებული როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ასევე გუბერნიისა და გურიის სხვა მუნიციპიპატიტეტის პირველი პირები.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, პროექტი სოფლის სრულ გაზიფიკაციას ითვალისწინებს, რაც 800-მდე ოჯახს საშუალებას მისცემს მიიღოს ბუნებრივი აირი. შუხუთში სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.
ვიცე-პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობას ქსელზე მიერთების გაიაფების შესახებაც აუწყა.
"სოკართან" შეთანხმებით ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა. ასე რომ მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეეძლება,"- აღნიშნა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, გარდა შუხუთისა გურიის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება ჩოხატაურის სოფლებშიც იგეგმება. კერძოდ, გორაბერეჟაულში, ხიდისთავში, ზენობანსა და ერკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ასევე წელს დაიწყება გაზიფიცირების სამუშაოები ოზურგეთისა და ლანჩხუთის რამდენიმე სოფელშიც.
სოფლის მაჟორიტარმა აკაკი იმნაიშვილმა ვიცე-პრემიერის მიმართ სამადლობელი სიტყვები არ დაიშურა და შუხუთში გაზიფიკაციის სამუშაოების დაწყებას "საოცნებო ოცნების ახდენა"ს უწოდა.