ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, "ქართულ ოცნებას" კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება არ დასჭირდება და პარლამენტში უმრავლესობით მოვა.
ამის შესახებ ივანიშვილმა ტელევიზიების ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ვფიქრობ, "ქართული ოცნება" საშუალოდ პლიუს-მინუს 95 კაცით მოვა პარლამენტში", _ განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, შიდა კვლევებში "ქართული ოცნების" რეიტინგი 30-45%-მდე მერყეობს. თუმცა, მას აქვს მოლოდინი, რომ საარჩევნოდ ეს პროცენტი აიწევს.
"შიდა კვლევებით, "ქართული ოცნების" რეიტინგი 30%-ს არ ჩამოცილებია და 30-დან 45%-მდე მერყეობს. თქვენი აგიტაციით მოახერხეთ, რომ აქამდე ჩამოგეყვანათ, თუმცა არჩევნებზე ეს პროცენტი აიწევს. ხალხს დავაბრუნებთ უკან და ავუხსნით სად არის რეალობა", _ მიმართა ივანიშვილმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს ეკა კვესიტაძეს და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ არჩევნები უნდა ჩაატაროს ზომიერად და ის მუშტი-კრივი, რაც კორცხელში მოხდა, აღარ განმეორდეს.
ამასთან, ივანიშვილმა NDI და IRI კვლევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ამ ორგანიზაციებში "ნაციონალური მოძრაობის" საცეცები მოქმედებს".
"ამით უნდათ შექმნან რევოლუციური მდგომარეობა, თუმცა ამის არანაირი რესურსი "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს. NDI-ს და IRI-ს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვცდილობ, საზოგადოებაში ნიჰილიზმი არ გაჩნდეს ამერიკული ორგანიზაციების მიმართ, თუმცა მათაც კი ვერ მოახერხეს "ნაციონალური მოძრაობისგან" თავის დახსნა. მათი საცეცები იქაც დღემდე მოქმედებს. ამ კვლევებს თახნიშვილი და ბოკერია ალაგებენ და ცქიტიშვილი და თურმანიძე აყალიბებენ ისე, როგორც ბოკერია უკვეთავს", _ განაცხადა ივანიშვილმა.