ქარელის მუნიციპალიტეტში ოკუპანტები სამხედრო ტექნიკით გამოჩნდნენ _ ამ ინფორმაციას სააგენტო "ნიუპოსტი" ავრცელებს.
სააგენტო კორესპონდენტის ცნობით, ფორმიანები სოფელ ავლევის განაპირას ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებს ამონტაჟებენ.
ადგილობრივი მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ თუ პერიმეტრზე მავთულხლართების გავლებას დაიწყებენ მიწის ნაკვეთების გარეშე დარჩებიან.
არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ფლობენ ადგილობრივ ხელისუფლებაშიც.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური:
"მიმდინარე წლის 6 ივნისს, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული.
რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აღნიშნული ბანერების არალეგალური მონტაჟი წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას," – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


































































