"გურია ნიუსში" გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, 75 წლის პენსიონერს, ეთერ ტყეშელაშვილს დახმარებას დაპირდნენ.
ტყეშელაშვილი სოციალურად დაუცველია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში უმძიმეს პირობებში ცხოვრობს.
"გურია ნიუსში" გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი თეა ლომჯარია და ამავე სამსახურის სხვა წარმომადგენლები ტყეშელაშვილს სახლში ეწვივნენ, ადგილზე გაეცნენ მის მდგომარეობას და დახმარების პირობა მისცეს.
"მოვიდნენ, ნახეს ჩემი მდგომარეობა, ძალიან შევეცოდე, განცხადება დავწერე. მთელი დღე გლოცავდით, თქვენც და მათაც. იმედია, აწი მაინც უზარმაზარი ქულებით არ შეაფასებენ ჩემს ქოხს და ქონებას. წყალწაღებული ვარ, მარა სიზარმაცით არ მომსვლია, ასეთი იღბლის დავრჩი", _ უთხრა ტყეშელაშვილმა "გურია ნიუსს".
მკითხველს შევახსენებთ, რომ 75 წლის პენსიონერს სოციალური დახმარება ორი წლის წინ მოუხსნეს.