შინაგან საქმეთა სამინისტრო ლადო მენაბდის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს:
ჟურნალისტი ლადო მენაბდე ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში აწარმოებდა ვიდეოგადაღებას, რა დროსაც მას შელაპარაკება მოუვიდა ადგილობრივ მცხოვრებლებთან, რომლებიც საკუთარი სახლის წინ სადილობდნენ. ადგილობრივებმა მენაბდის მიერ მათი უნებართვოდ გადაღების ფაქტი გააპროტესტეს. ინციდენტის ადგილზე მივიდა გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის სამმართველოს ურეკის განყოფილების უბნის ინსპექტორი, რომელიც ახლომდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ შემოვლას აწარმოებდა.
პოლიციის თანამშრომელმა კონფლიქტის განმუხტვა სცადა და ინციდენტის მონაწილე პირებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ამ დროს ჟურნალისტმა, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, სამართალდამცველს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარი კონფლიქტის დეტალების გარკვევის მიზნით, უბნის ინსპექტორმა ჟურნალისტის შეყოვნება სცადა და მას პოლიციის განყოფილებაში მისვლა სთხოვა. თუმცა, ლადო მენაბდე არ დაემორჩილა სამართალდამცველის მოთხოვნას და წინააღმდეგობა გაუწია. უბნის ინსპექტორს მან ხელი ჰკრა, რა დროსაც სამართალდამცველი მიეჯახა ჟურნალისტის ავტომანქანის საქარე მინას და ხელი დაიზიანა. დაზიანდა საქარე მინაც. ადგილზე მივიდნენ გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის სამმართველოს თანამშრომლები და კონფლიქტში მონაწილე მხარეები, გამოკითხვის მიზნით, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ავტომანქანის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმიდინარეობს. ჟურნალისტ ლადო მ-ს მიმართ კი დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და პოლიციელის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.
ამავე თემაზე: რატომ დააკავეს რუსთავი 2-ის რეგიონალური კორესპონდენტი
მენაბდესა და ურეკის მოსახლეობას შორის დაპირისპირება ჟურნალისტის დაპატიმრებით დასრულდა



































































