ტელეკომპანია მაესტროს თოქ-შოუ "მაესტროს ფაქტორში", სადაც მოწვეული სტუმრები , თბილისის საკრებულოს დეპუტატები გიორგი ტყემალაძე, ალექსანდრე ელისაშვილი და სოსო მანჯავიძე თბილისის განვითარების გეგმაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობდნენ, ალექსანდრე ელისაშვილი და სოსო მანჯავიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ელისაშვილმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის დიმიტრი მოსულიშვილის მისამართით გამოთქვა ვარაუდი, რომ უკანონო ნებართვების გაცემის სანაცვლოდ, მას შესაძლოა ფული აქვს აღებული. ელისაშვილის ამ გამონათქვამმა სოსო მანჯავიძე გააღიზიანა. მან განაცხადა, რომ როცა ერთი საჯარო პირი მეორეს ადანაშაულებს ქრთამის აღებაში, ამით სამართალდამცავი ორგანოები უნდა ინტერესდებოდნენ. "ამ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება, მეორე ადამიანს დააბრალოს ნებისმიერი რამ, ისეთი მძიმე დანაშაულიც კი როგორიც ქრთამის აღებაა და ამაზე არ მოეთხოვოს პასუხი."-განაცხადა მანჯავიძემ.
მას ელისაშვლი შეეწინააღმდეგა და განაცხადა, რომ პარტიიდან გაგდებული ხალხისგან შენიშვნებს არ მიიღებს. "სოსო მანჯავიძე ირმა ინაშვილმა პარტიიდან გარიცხა თანხების გაფლანგვის ბრალდებით და პარტიიდან გარიცხული ხალხისგან შენიშვნებს არ მივიღებ."-განაცხადა ელისაშვილმა. ელისაშვილის ნათქვამმა სოსო მანჯავიძის გაღიზიანება გამოიწვია. სიტყვიერი შეურაცყოფა დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილმა სოსო მანჯავიძეს სახეში ჩაარტყა. "პარტიიდან გაგდებულო მათხოვარო," "იდიოტო"- მსგავსი ტერმინები გაისმოდა პირდაპირ ეთერში.
გადაცემის წამყვანი იძულებული გახდა, პირდაპირი ეთერი გაეთიშა.