ასევე გაათავისუფლეს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უბნის რწმუნებულების განყოფილების უფროსი გიორგი დოლიძე. ჯერჯერობით გაურკვეველია, სად მოხდება მათი გადაყვანა. ერთი ვერსიით, თედო ჭანუყვაძის გადაყვანა ურეკის განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწედ მოხდება, გოჩა თავაძე და გიორგი დოლიძე კი დარჩებიან უბნის ინსპექტორებად ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში. მათ ადგილზე, შესაძლოა, ისევ ცირეკიძის კადრები დანიშნონ.
თანამდებობიდან გაათავისუფლეს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს კანცელარიის უფროსი ლილი ჭანუყვაძე _ იგი ოზურგეთის რაიონულ სამმართველოს კანცელარიის უფროსად გადაიყვანეს, მის ადგილზე დანიშნეს ანტონინა ღაჟალოვა, თუმცა მისი ამ თანამდებობაზე გადაყვანას ჩვენი წყარო დანამდვილებით ვერ ადასტურებს.
წყაროს თქმით, ცვლილებები მოხდა გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოშიც _ ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილე უბნის რწმუნებულების ხაზით ლაშა ჩხაიძე გაათავისუფლეს და გადაიყვანეს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორად. მის ადგილზე დაინიშნა გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის დავით ცირეკიძის კადრი ბესო ბრეგაძე, რომელიც ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოში უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსად მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ბესო ბრეგაძის შვილების ნათლია დავით ცირეკიძეა.
წყარო ამტკიცებს, რომ ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში ასევე გაათავისუფლეს ბესო ბარამიძე და თარგამაძე, რომლებიც აღნიშნულ სამმართველოში უბნის ინსპექტორებად მუშაობდნენ _ ისინი საერთოდ დაითხოვეს პოლიციის სისტემიდან. მათი გათავისუფლება ერთ-ერთი ძებნილის გამო მოხდა _ ამ საქმესთან დაკავშირებით, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს ლანჩხუთის პოლიციის სუფსის განყოფილების უფროსს ვენე კეჭაყმაძეს და კანცელარიის უფროსს ნატო ორმოცაძეს.
გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში დავით ცირეკიძის ერთ-ერთი მოადგილის ალეკო ბირთველიშვილის წასვლაზეც საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ მის გათავისუფლებას ადრეც წინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, დატოვეს. ახლა კი ბირთველიშვილსა და იმერელ კადრებს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე საუბრობენ.
ლანჩხუთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში ბოლო ათი დღის განმავლობაში საქონლის ქურდობის 6 ფაქტზე აღძრეს საქმე, თუმცა, ჯერ არავინ დაუკავებიათ და არც ერთი დანაშაული გახსნილი არ არის.
აღსანიშნავია, რომ გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი დავით ცირეკიძე და მისი გუნდი, რომლებიც ჯერ ქალაქის ქუჩების თუ სოფლების მიმართულებებს კარგად არც იცნობენ, გამოძახებებზე ისე ვერ გადიან, თუ ადგილობრივი კადრი არ გაიყოლეს.
თურმე, პოლიციაში ადგილობრივები ერთმანეთს გაკვირვებულები ეკითხებიან, ჩამოსულ კადრებს არჩევნების მოგების ასეთი რა შანსი აქვთო. თუმცა, მათ წასვლაზე ოზურგეთში დიდი ხანია, საუბრობენ.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა ლილი ჭანუყვაძეს, რომელმაც ჩვენთან საუბარში დაადასტურა დაქვეითება, თუმცა, მიზეზებზე საუბარი არ ისურვა:
_ ასე გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ, _ გვითხრა მან.
“გურია ნიუსი” ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის გათავისუფლებულ მოადგილეს თედო ჭანუყვაძესაც ესაუბრა, რომელმაც კომენტარზე თავი შეიკავა:
_ მიუხედავად თქვენდამი ძალიან დიდი პატივისცემისა, მაპატიეთ, მაგრამ პასუხის გაცემის უფლება არ მაქვს, ეს პრესსამსახურის პრეროგატივაა, _ გვითხრა ჭანუყვაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ “გურია ნიუსის” კითხვებს მოუსმინა და გვითხრა, რომ გაარკვევდა ყველაფერს და დაგვიკავშირდებოდა, თუმცა, როგორც წესად აქვს, აღარ დაურეკავს.