საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ფალსიფიკაციისა და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება – რეალიზაციის ფაქტზე, შპს "ფასანაური 2010"-ის დირექტორი იაგო ბიჩინაშვილი და ი/მ "თეონა ბუხრაძის" ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბუთხუზი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სანიტარული ნორმების დარღვევით, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში ახდენდნენ ჯანმრთელობისთვის საშიში, ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების – კატლეტის, აფხაზურას, ხინკლის, ტოლმის, ბლინის, ფარშისა და ქაბაბის დამზადებას და შემდგომში მის რეალიზაციას.
"აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე და 198-ე მუხლით, რაც სასჯელის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით", _ აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.