პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეზე მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება და ჟურნალისტებს მეტი სიფრთილისკენ მოუწოდებს.
"საზოგადოება თვალყურს ადევნებს მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესს, რომელიც მეუღლისა და შვილის მკვლელობაშია ბრალდებული, თავისთავად საქმე არის უმძიმესი, არის დიდი ინტერესი მედიის მხრიდან, მაგრამ არის საკითხები, თემები, რომლის გაშუქებისას ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო და მათ შორის არის საკითხები, რომელიც საერთოდ დახურულ სხდომაზე უნდა იხილებოდეს და არ შეიძლება ასეთი ფორმით, ასე აშკარად დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლება, უდანაშაულობის პრეზუმპცია თუ პირადი ცხოვრების, თუ პირადი საიდუმლოს დაცულობა, რატომ ფიქრობენ ჟურნალისტები, რომ ბრალდებულის ქორწინებამდელი თუ შემდგომი კავშირების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას აინტერესებს და მოწმის ჩვენება საჯაროდ უნდა გამოამზეურონ?! ძალიან მძიმე დანაშაული მოხდა, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას თქვენ ბოლომდე გაანადგუროთ ადამიანი ადამიანში, თქვენც მოკლათ, თქვენ ცნოთ დამნაშავედ და თქვენ დასაჯოთ-ჩაქოლოთ. გაუგებარია, რატომ არ ითხოვა ადვოკატმა პროცესის დახურვა, ან სასამართლო თავად რატომ არ იღებს ამ გადაწყვეტილებას?!", _ წერს კობახიძე საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.