ძველი ტრადიციების აღდგენა შარშან, სოფელ ცხემლისხიდში, საყვალა სალუქვაძის ოჯახში თეატრალიზებული წარმოდგენით დაიწყო. წარმოდგენისა და ოჯახის მთავარი სტუმარი საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო. ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როცა პრეზიდენტი სამ საათზე მეტი ხნით დარჩა გურიაში და ტრადიციულ სუფრასთან მოილხინა.
შარშან მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთში, კალანდის დადგომამდე, ხუთი საათით ადრე ჩამოვიდა. იგი მივიწყებულ და ახლადაღდგენილ ტრადიციულ საკალანდო “აგუნობას” დაესწრო. ყველა რიტუალი, რასაც გურული გლეხი კალანდის დადგომისას აკეთებდა, ოზურგეთელმა მსახიობებმა და ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს პირველ პირთან ერთად გააცოცხლეს. მთავარი რიტუალი ღვეზლის შემოტარება იყო: “თქვენი მუცლის სატკივარი წაეღოს აღმა ქარს, დაღმა ქარს, თქვენი ყველა სატკივარი წაეღოს აღმა ქარს, დაღმა ქარს.” მოკლედ, გურულად “შელოცვილი” პრეზიდენტი მთელი წელი, ხან აღმა დადიოდა და ხან _ დაღმა. მიუხედავად უამრავი ვიზიტისა და გაეროში წარმატებული გამოსვლისა, მიხეილ სააკაშვილს გურიისკენ 2010 წელს პირი აღარ უქნია. იგი მხოლოდ გასეირნებით დაკმაყოფილდა _ შეკვეთილში ღია საკონცერტო დარბაზი მოინახულა და თავის უსაყვარლეს ქალაქ ბათუმისკენ გასწია.
გურულების მიერ “შელოცვილი” პრეზიდენტი წელს საზოგადოებამ ბევრ საინტერესო ამპლუაში ნახა _ ხან პილოტი იყო, ხან ველოსიპედით დაქროდა, ხან კიდევ შავ ზღვაში წყალბურთელებს, თანაგუნდელებს ცურვასა თუ ყვინთვაში, ყინვაგამძლეობაშიც კი ეჯიბრებოდა. ამასთანავე, პრეზიდენტმა იქველმოქმედა კიდეც _ კახეთიდან თბილისში ყურძნის ჩასაბარებლად კახელი ცოლ-ქმარიც წამოიყვანა და მოსავლის რეალიზებაშიც დაეხმარა.
წლის განმავლობაში საქართველოს პირველმა პირმა “ორიგინალური” სხდომები ჩაატარა ლოპოტას ტბის სანაპიროზე და სათაფლიის გამოქვაბულში. სრული კრახი განაცდევინა ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში და განაცხადი გააკეთა, რომ 2013 წლამდე ის საქართველოს პრეზიდენტი იქნება!
ეს მცირე ჩამონათვალია მიხეილ სააკაშვილის იმ არაორდინალური ქცევებისა, რითაც პრეზიდენტმა ერთ წელიწადში არაერთხელ გააკვირვა, ისედაც გაკვირვებული და სახტად დარჩენილი ქართველობა. მართალია, ქვეყნის სამხრეთში ცეკვა არ გამოუვიდა, მაგრამ პუტინის ჯიბრზე, იქნებ, სიმღერა შეძლოს, რადგან მხოლოდ მომღერალი პრეზიდენტი არ გვინახავს გასულ 2010-ში!
როგორც “გურია ნიუსს” აცნობეს, რიტუალის დაცვით კალანდის შემოსვლას წელს მცირე მასშტაბით აღნიშნავენ, ოღონდ, არა საყვალა სალუქვაძის ოჯახში, არამედ, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved