ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის, კონკრეტულად ბორჯომის ტერიტორიაზე მიმდინარეობს წიწვოვანი მცენარეების სანიტარული ჭრა, რაც განპირობებულია, მავნებელთან ბრძოლის აუცილებლობით. სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
"სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, რომელიც გადაღებულია ბორჯომში, ე.წ "პლატოს" ტერიტორიაზე და სადაც დაფიქსირებულია გზის გასწვრივ დასაწყობებული მორები.
მიუხედავად იმისა, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ჯერ კიდევ გასული წლიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, სამცხე-ჯავახეთში და პირველ რიგში, ბორჯომში განსახორციელებელ სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით, საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო კიდევ ერთხელ ვრცლად განვმარტავთ ვიდეო ჩანაწერში ასახულ სიტუაციას.
წიწვოვანი კორომების მასიური ხმობა სამცხე-ჯავახეთში 2011 წლისთვის გამოვლინდა, 2011 წელს განხორციელებული სატყეო-პათოლოგიური შესწავლის საფუძველზე 2012 წლიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადიგენის, ასპინძა-ახალქალაქის, ახალცხისა და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნების ტერიტორიაზე სააგენტო ახორციელებდა გამოვლენილი მავნებლის (მბეჭდავი ქერქიჭამია – Ips typographus) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებს ფერომონიანი მწერსაჭერებით (ტერიტორიაზე განთავსებული 5000 ცალი მწერსაჭერის მონიტორინგი სპეციალისტების მიერ პერმანენტულად ხორციელდება), მიუხედვად ბრძოლის ღონისძიებების შედეგად ხმობის ინტენსივობის კლებისა, საუკეთესო შედეგის მიღებისა და მავნებლის სრულად ლიკვიდიციისათვის აუცილებელია ბრძოლის ღონისძიებების გაგრძელება, მათ შორის სანიტარული ჭრების განხორციელება, რაც რეკომენდირებულია სატყეო-პათოლოგიური შესწავლითა და 2015 წელს ბრძოლის ღონისძიების შეფასების დოკუმენტით.
შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით ხმობის ყველაზე მაღალი ინტენსივობა დაფიქსირებულია ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის, ჩარხისწყლის სატყეოს (ე.წ ბორჯომის პლატო) ტერიტორიაზე.
მდგომარეობას ამძაფრებს ისიც, რომ აღნიშნული ტერიტორია, მისი დასახლებულ პუნქტთან სიახლოვის გამო წარმოადგენს ძირითად სარეკრეაციო ზონას და მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ასევე, რეგიონის ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით. შესაბამისად, პირველ ეტაპზე სანიტარული ჭრები დაიგეგმა და ხორცილდება ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე.
სანიტარულ ჭრები ხორციელდება ორგანიზებულად, სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, განმახორციელებელი კომპანია ვალდებულია მავნებლით ძლიერ დაზიანებული ხმელი და ხმობადი ხეების მოჭრის გარდა განახორციელოს მოჭრილი ხის გაქერქვა, ჭრის ადგილების დასუფთავება, ჭრის ნარჩენისა და განაქერქის განადგურება (დაწვა) უსაფრთხოების წესების დაცვით.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჭრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია შესაბამისი ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებაც.
ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიება აქ გასულ წელს დაიწყო 4 ჰა-ზე მეტი ტერიტორია გაიწმინდა და შეიღობა ძოვებისგან დაცვის მიზნით, ხოლო, სამომავლოდ დაგეგმილია 269 ჰექტარზე განხორციელდეს ტყის აღდგენის ღონისძიებების დაპროექტება/განხორციელება. ტყის აღდგენის სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისა და ადგილობრივი სარგავი მასალით უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოს მიერ ტყის დროებითი სანერგეების მოწყობა რეგიონში გასულ წელს დაიწყო.
მბეჭდავი ქერქიჭამია (Ips typographus) საქართველოში პირველად 1952 წელს გამოჩნდა. მავნე მწერი ჩრდილოეთის რეგიონებიდან იპორტირებულ გაუქერქავ ხე-ტყეს შემოჰყვა. ყველაზე დიდი ზიანი მავნებელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, ბორჯომის ხეობას მიაყენა და იმ პერიოდისთვის მის შესაჩერებლად რიგ ადგილებში პირწმინდა ჭრების ჩატარებაც კი გახდა აუცილებელი.
ბორჯომში, ე.წ "პლატოს" ტერიტორია ეროვნული სატყეო სააგნეტოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ფართობია. აღნიშნულ ტერიტორიაზე სანიტარული ჭრების მუდმივ მონიტორინგს ანხორციელებს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახური."-აღნიშნულია განცხადებაში.