ქალაქ ოზურგეთის საფეხბურთო კლუბმა "მერცხალმა" პირველი ლიგიდან მეორე ლიგაში გადაინაცვლა. კლუბის სამომავლო გეგმებზე და პირველი ლიგიდან გამოვარდნის მიზეზების შესახებ "მერცხალის" დირექტორი მამუკა გოგუაძე გვესაუბრება.
_ ბატონო მამუკა, რას აპირებს სამომავლოდ საფეხბურთო კლუბი "მერცხალი"?
_ ჯერ გუნდი უნდა შეიკრიბოს, მთავარი მწვრთნელი უნდა დაინიშნოს და მან უნდა გადაწყვიტოს, რომელი გუნდით აპირებს თამაშის გაგრძელებას. "მერცხალი" აუცილებლად იბრძოლებს იმისთვის, დაბრუნდეს პირველ ლიგაში და ამისთვის საჭირო არის სწორი ნაბიჯების გადადგმა.
_ თუ მიმდინარეობს ახალ მწვრთნელზე საუბარი და ხომ არ იქნება ეს ისევ გია ჩხაიძე?
_ ჩხაიძეს გაუვიდა ხელშეკრულება. კონტრაქტის ვადა ამოიწურა 31 მაისს და არ მგონია, ის დარჩეს. ჩხაიძის მწვრთნელობის დროს "მერცხალმა", სამწუხაროდ, ვერ შეინარჩუნა ადგილი პირველ ლიგაში, ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო.
_ ჩხაიძის კანდიდატურა ვინ შემოგთავაზათ?
_ გია ჩხაიძე გამოცდილი მწვრთნელია, ლანჩხუთის "გურიას" ედგა სათავეში, მანამდე საქართველოს ნაკრებში თამაშობდა, ჩვენი რეგიონის წარმომადგენელია ფეხბურთის ფედერაციაში. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ ამ საკითხთან დაკავშირებით.
_ რა თანხით ფინანსდება ახალ "მერცხალი" ადგილობრივი ბიუჯეტიდან?
_ "ფეხბურთის განვითარების ფონდი" აფინანსებს საქართველოს ფეხბურთს მთლიანად. ფონდი ხელშეკრულებას აფორმებს ქვეყანაში არსებული ყველა საფეხბურთო კლუბთან და შესაბამისად, კლუბებში ირიცხება კონკრეტული თანხა, რომელიც არის სუფთა საფეხბურთო ხარჯები. სამწუხაროდ, მეორე ლიგის კლუბებისთვის, სადაც ჩვენ უნდა ვითამაშოთ, ძალიან მიზერული თანხაა გამოყოფილი.
_ როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საუბარია 50 000 ლარზე.
_ დიახ _ ექვს თვეში 50 000 ლარზეა საუბარი.
_ თქვენი აზრით, ეს თანხა ფეხბურთის განვითარებისთვის საკმარისია?
_ 50 000 ლარი იმ პირობებში, როდესაც ფეხბურთი მაღალანაზღაურებადი სპორტია მსოფლიოში, ძალიან ცოტაა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ მოვიძიოთ სპონსორები.
_ ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღარ მოხდება "მერცხალის" დაფინანსება?
_ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება არასაფეხბურთო ხარჯები.
_ ხელფასებზეა საუბარი?
_ ყველა ხარჯი უნდა მოექცეს 50 000 ლარის ფარგლებში. დაზუსტებულად ჯერ არ ვიცით რა, როგორ იქნება. ტრანსპორტირება, კვება აუცილებლად უნდა დაფინანსდეს.
_ ბატონო მამუკა, როგორი ხელფასი აქვთ ფეხბურთელებს?
_ ამას ვერ გეტყვით, რადგან ხელშეკრულების მიხედვით, ხელფასების რაოდენობა გასაიდუმლოებულია.
_ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჩხაიძე 2 000 ლარს იღებდა.
_ ვერც მაგაზე გიპასუხებთ. ეს შეგიძლიათ თავად მას კითხოთ. ისე, დაახლოებით თქვენს მიერ დასახელებულ ციფრის ფარგლებში იღებდა._
_ გაქვთ თუ არა გაწერილი სამომავლო გეგმები?
_ რა თქმა უნდა გეგმა გვაქვს. ამ ეტაპზე მთავარი არის ის, რომ დაინიშნოს მთავარი მწვრთნელი და მან უნდა გადაწყვიტოს, ვინ ითამაშებს "მერცხალში".
_ ამ ეტაპზე იხილება თუ არა კანდიდატები მთავარი მწვრთნელის ვაკანსიაზე?
_ ჯერჯერობით, არა. კლუბის ერთადერთი დამფუძნებელი ქალაქის მერიაა. შემდეგ კვირაში მოხდება მერიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით.
_ რა მიზნებისთვის იბრძოლებს "მერცხალი" გარდამავალ ჩემპიონატში, რომელიც იანვრამდე გაგრძელდება?
_ ჩვენ, რაც შეიძლება, უკეთ უნდა ვითამაშოთ და ისევ დაბრუნდეთ პირველ ლიგაში.
_ რამ პირველი ლიგიდან გავარდნა და როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით ჩხაიძის არგუმენტები?
_ ჩამოყვანილი ფეხბურთელების უპასუხისმგებლობამ _ 9 კაცი იყო ჩამოყვანილი. ჩხაიძემ აიღო პასუხისმგებლობა, რომ "მერცხალი" დარჩებოდა პირველ ლიგაში. მქონდა იმედი, რომ ფეხბურთელები მაქსიმალურად ეცდებოდნენ და პირველი ლიგაში დარჩებოდა "მერცხალი", სამწუხაროდ ეს ასე არ გამოვიდა, – გვითხრა ინტერვიუს დროს მამუკა გოგუაძემ.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, საფეხბურთო კლუბი "მერცხალი" ადგილობრივმა ფეხბურთელების ერთმა ნაწილმა დატოვოს და ისინი სხვა გუნდში გადავიდნენ სათამაშოდ.