მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ლარსის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, 134-კმ – 135კმ მონაკვეთზე, საშიშ ზონაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, _ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"რეჟიმის დაწესება, ამალი-დევდორაკის ხეობაში უხვი ნალექის შედეგად ღვარცოფული ნაკადის წარმოქმნამ განაპირობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც ხეობაში მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს, ოპერატიულად აცნობა შესაბამის ორგანოებს, რის შემდეგაც საავტომობილო გზა დაუყოვნებლივ ჩაიკეტა.
"დევდორაკიდან" მიღებული ზვავსაშიშროების განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ, განხორციელდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" თანამშრომელთა ევაკუაცია. ამჟამად, ყველა სახიას სატრანსპორტო საშუალების, ასევე ფიზიკური პირების გადაადგილება შეჩერებულია. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს.
პროცესებზე დაკვირვება გრძელდება, რაშიც ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და აღნიშნული სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ავიაცია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს მოქალაქეების ევაკუაცია და საკონტროლო შემოფრენა", _ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
შენიშვნა:
დევდორაკის ფოტოები რამდენიმე წუთის წინ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ გამოაქვეყნა.