ე.წ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას ინფორმაციით, უკრაინაში დაკავების შემდეგ მან ოდესის პოლიციის უფროსის საუბარი მოისმინა, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში არჩევნებამდე ე.წ. კანონიერი ქურდების გამოშვებით საბოტაჟის მოწყობას აპირებენ. ამის შესახებ დავით გერლიანმა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა. როგორც გერლიანმა აღნიშნა, ის უკრაინიდან პროცედურების დარღვევით გამოაძევეს.
"როცა ადამიანს დეპორტაციას უკეთებენ, უნდა იყოს წარდგენილი მეორე ქვეყნისთვის საჭირო დოკუმენტაცია, რაც ჩემს შემთხვევაში არ მომხდარა. მე გამიტაცეს რესტორნიდან და ჩამსვეს თვითმფრინავში. მაინტერესებს, თუ გივი თარგამაძემ იცოდა, რომ მე დანაშაული მქონდა ჩადენილი და საქართველოში მოვდიოდი, რატომ არ შეატყობინა ეს თუნდაც პოლიციას. მგონი ეს მსუბუქი დანაშაულია, რომელიც მან ჩაიდინა. გარდა ამისა, სანამ თვითმფრინავში ჩამსვავდნენ, გავიგონე გია ლორთქიფანიძის საუბარი, რომ არჩევნებამდე, 223-ე მუხლს (ქურდული სამყაროს წევრობა) მისადაგებული ადამიანები კიდევ უნდა გაუშვან საქართველოში და მოაწყონ საბოტაჟი. მინდა ვთქვა, რომ ასეთ ადამიანებთან საქართველოს მთავრობას არანაირი კავშირი არ აქვს", _ განაცხადა დავით გერლიანმა.
ე.წ. კანონიერ ქურდობაში ბრალდებულის განმარტებით, ის უკრაინის მოქალაქეა და უკვირს, როგორ მოხდა მისი დეპორტაცია საკუთარი ქვეყნიდან. ის მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეში პოლიტიკურ თამაშებს აქვს ადგილი. როგორც დავით ჩაჩიბაიამ აღნიშნა, ის მხატვარია და ევროპის ქვეყნებში დადის პეიზაჟების დასახატად.