დუელი – ეს არის რიტუალად ქცეული აგრესია, მიმართული მოწინააღმდეგის მიმართ, სამართლიანობის აღსადგენად. დუელი მამაკაცების საქმე იყო, თუმცა, როგორც გაირკვა, არც ქალები ამბობდნენ უარს ამ რიტუალის შესრულებაზე. თანაც, მამაკაცებისგან განსხვავებით, მათთვის უცხო იყო შეწყალება.
ქალების დუელი პირველად მოიხსენიება მეთექვსმეტე საუკუნეში: 1571 წლის 26 მაისს წმიდა ბენედიქტეს ტაძარში ორი ქალბატონი მივიდა. მათ მოითხოვეს სენაკი, რათა ელოცათ, მაგრამ მალე ღვთისმსახურებმა ფოლადის ჩახაჩუხისა და კვნესის ხმა გაიგეს. კარი შეამტვრიეს და ნახეს, როგორ ცურავდნენ სისხლში ქალბატონები – მათ დაშნებით ერთმანეთს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. გაირკვა, რომ ქალების დუელის მიზეზი, მამაკაცი იყო. იმავე საუკუნის ბოლოს, ნეაპოლში, ორმა ცნობილმა ქალბატონმა: იზაბელა დე კარაზიმ და დიამბრო დე პოტინელომ ვინმე პოეტ ფაბიო დე ზერესოლას გამო, ქალაქის მოედანზე ერთმანეთი აჩეხეს. ამ დუელის სცენა დახატა ხუსეპე დერიბერუმ და ის დღემდე ამშვენებს პრადოს მუზეუმის კედელს მადრიდში.
1624 წელს, პარიზში, ბულონის ტყეში, ბარიერთან დადგნენ მარკიზა დე ნესალი და გრაფინია პოლინიაკი. მათი დუელის მიზეზი იყო არმან ჟან დიუ პლესი, რომელმაც რამდენჯერმე მიატოვა მარკიზა.
დუელით თავად ჰერცოგი რიშელიეც კი შეწუხდა, რადგან არმან ჟან დიუ პლესის ფსევდონიმით, სწორედ ის იყო ქალების ჩხუბის ობიექტი.
ქალების დუელებმა პიკს მეჩვიდმეტე საუკუნეში მიაღწია. იქნევდნენ დაშნებს და ისროდნენ პისტოლეტიდან არა მხოლოდ კავალრების, არამედ შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოც და სასიკვდილოდ არ ინდობდნენ ერთმანეთს. იყო შემთხვევები, როცა ქალები ბარიერთან კაცების პირისპირ დგებოდნენ.
15 წლის გერმანელი პრინცესები: სოფია ფრედერიკა ავგუსტა და ანა ლუდვიგა ანგალიტი საძინებელში ჩაიკეტნენ და, გაუგებარი მიზეზის გამო, ერთმანეთს დაშნებით (რაპირებით) წაეკიდნენ. ბედმა ინება და ორივე ცოცხალი გადარჩა, თორემ, რუსეთი ვერასოდეს იხილავდა თავის ტახტზე დიდ იმპერატრიცა ეკატერინა მეორეს. სხვათა შორის, მის დროს, რუსეთში ქალების დუელები არ იყო აკრძალული და სამეფო კარის 20 ფრეილინა ემსხვერპლა კიდეც ამას.