საკრებულოს სხდომაზე მყოფ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პირველ პირს, ზაზა ურუშაძეს სოფელ ლესის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჭიჭინაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგის დარეგულირებასთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით მიმართა.
"ტრანსპორტი სოფლებიდან 10 საათზე ჩამოდის, სამსახურებში კი სამუშაო განრიგი დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვსამდეა. იქნებ დაგვეხმაროთ და მოხერხდეს ისე, რომ ტრანსპორტი ცხრა საათიდან იყოს, თორემ ადამიანები ვერ ახერხებენ სამსახურებში დროულად მისვლას. ეს პრობლემა წლებია აწუხებს მოსახლეობას და იქნებ ახლა მაინც მოხერხდეს მისი მოგვარება" , _აღნიშნა ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძის ამ თხოვნაზე ზაზა ურუშაძემ გაოცება ვერ დამალა:
"რა გავაკეთო არ ვიცი, რამდენიმე თვის წინ თანამშრომლებმა მომმართეს, ადრე დადის "მარშუტკები", ჩვენ ბავშვები გვყავს და იქნებ ცოტათი გადაწიოთ ტრანსპორტის დროო. თქვენი სოფლიდან არა, მაგრამ, ისე იყო ასეთი მომართვა, ახლა კი პირიქით ამბობთ", _ აღნიშნა ურუშაძემ.
ელისო ჭიჭინაძის რეპლიკაზე: _ "კი, მაგრამ საჯარო სამსახურებში სამუშაო საათი ხომ დილის ცხრა საათიდან იწყება", გამგებელმა უპასუხა: "კი, ცხრა საათიდან იწყება, მაგრამ თანამშრომლები ათზე მოდიან".