"ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანის დილის" გუნდი ტელეკომპანია "მაესტროს" წინააღმდეგ დავას სასამართლოში გააგრძელებს.
"ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილის" გუნდის წევრების განცხადებით, ისინი პერმანენტულად ცდილობდნენ გასული ერთი თვის განმავლობაში არხის მენეჯმენტთან სასამართლოსთვის გვერდის ავლით, სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას, მათ შორის სახელფასო ანაზღაურების საკითხით, თუმცა როგორც თავად აცხადებენ, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
პროფკავშირების იურისტი, რაისა ლიპარტელიანი, რომელიც "ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილის" თანამშრომლების უფლებებს დაიცავს, აცხადებს, რომ შპს "მაესტრომ" რამდენჯერმე დაარღვია ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რის გამოც, ერთადერთ გამოსავლად სამართლებრივი დავა რჩება.
"სამართლებრივად არასწორი და უკანონო იყო შპს "მაესტროს" 2 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიზეზიც თანამშრომელთა გაფიცვა გახდა. ეს იყო მათი უფლება და "მაესტროს" ეს უნდა გაეთვალისწინებინა. ამავდროულად, თანამშრომლებმა დააფიქსირეს, რომ მზად იყვნენ გაეგრძელებინათ შრომითი უფლებამოსილება 30 დღის ვადით და შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები. ჩვენი მხრიდან არაერთგზის იყო მოლაპარაკება მაისის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, ზეპირსიტყვიერად შევთანხმდით მხარეები, რომ ანაზღაურების თარიღად განისაზღვრებოდა 14 ივნისი. ასევე შპს "მაესტროს" უნდა მოეხდინა ამ 14 დღის ანაზღაურებაც, თუმცა სამწუხაროდ, "მაესტრომ" დაარღვია შეთანხმება და ერთადერთი გამოსავალი, სამართლებრივი დავაა. მოქმედი კანონმდებლობით, შპს "მაესტროს" ყოველ გადაცილებულ დღეზე დაემატება გათავისუფლებულ თანამშრომელთა ხელფასის 0.07 %-ის გადახდა, სანამ არ მოხდება მათი მთლიანი გასტუმრება", – განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.
სასამართლოში სარჩელს გუნდი დღის მეორე ნახევარში შეიტანს.
საქმე ეხება "ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილის" 27 თანამშრომელს, რომელთაც ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა უფლებამოსილება შეუჩერა, შეჩერების ოფრიციალურ მიზეზად კი შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა ”ქვეპუნქტი დასახელდა, რაც თანამშრომლების გაფიცვას გულისხმობს.