2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია დაიწყო.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი ორ ეტაპად წარიმართება.
პირველი ეტაპი 1-ელ ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება, რა დროსაც დარეგისტრირდებიან შემდეგი კატეგორიის ბავშვები:
ა) 100 000–ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები (სოციალურად დაუცველი);
ბ) სსიპ "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს" ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს" (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე;
გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
დ) იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;
ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი 8 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირდება ყველა კატეგორიის ბავშვი.
რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge
"წელს საჯარო საბავშვო ბაღებში 12 ათასი ვაკანტური ადგილი იქნება. ამასთან, მოთხოვნიდან გამომდინარე, ბაღებში არსებული სათათბირო ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე, ბაგა-ბაღის დირექტორისა და სააგენტოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, სექტემბერში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში აღსაზრდელთა რაოდენობა გაიზარდოს.
დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ წელს, ოთხი ახალი ბაღის გახსნით, დამატებით 1500-მდე ადგილი შეიქმნა. ამასთან, მოქმედ საბავშვო ბაღებში აუთვისებელი ფართების გარემონტების შედეგად, 85 ჯგუფი შეიქმნა, რის შედეგადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართვა 3500-მა პატარამ შეძლო", _აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.