შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში ელექტროენერგია შეწყდა, ბავშვებს არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.
ამის შესახებ მიმინოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სასიხარულო ამბავია, რომ გამოცდის პირველმა ნაკადმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
"საინტერესო იყო აბიტურიენტების დამოკიდებულებები კომპიუტერულ სისტემასთან. სამწუხაროდ, პირველ სესიაზე იყო დაგვიანების შემთხვევებიც, ზოგმა დაიგვიანა საგამოცდო ცენტრში გამოცხადება, ზოგს კი საგამოცდო ცენტრი აერია. სხვა არაინირ პრობლემა არ ყოფილა. გამოცდიდან გამოშვების ფაქტი არ ყოფილა. აბიტურიენტები ძალიან სერიოზულად და კარგად მუშაობდნენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი მათგანი ჩააბარებს", _ აღნიშნა მიმინოშვილმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გორში 20-მა აბიტურიენტმა დააგვიანა საგამოცდო ცენტრში მისვლა, მიმინოშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.