ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მოსახლეობამ დღეს დილით აქცია გამართ და ქალაქ ოზურგეთთან დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილება გააპროტესტეს. მათ “გურია ნიუსთან“გულისტკივილი გამოხატეს და აღნიშნეს, რომ თუ ხელისუფლება მოსახლეობის პროტესტს არ გაითვალისწინებს, ქუთაისში, პარლამენტში ჩავლენ და ხელისუფლების წინააღმდეგ სხვა ზომებს მიმართავენ.
5-კილომეტრიანი ასფალტის გზა ორი წელია რაც დაიგო, ის მელექედურის მოსახლეობას ქალაქ ოზურგეთთან, ასევე, სოფელ დვაბზუსა და კიდევ რამდენიმე სოფელთან აკავშირებს. აქ მცხოვრებლების თქმით, ისინი რამდენიმე პრობლემის წინაშე დგანან, კარიერი, რომელიც გაიყიდა, მათ საყანე ფართობებთან ახლოსაა, მდინარეს მიმართულება შეცვლილი აქვს და შესაძლოა, ძალიან მალე მათ კუთვნილ ფართობებში გადმოვიდეს, ცენტრალური გზა დაზიანდა, დაიბზარა, ასევე, საფრთხე ექმნება საცხოვრებელ სახლებს. 50-ტონიანი მანქანები ისეთი სიჩქარით მოძრაობენ, რომ შესაძლოა, ავტოტასგზაო შემთხვევაც მოხდეს.
აქციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი გაგა ცხომელიძე და სოფლის დეპუტატი ლევან კილაძეც შეუერთდნენ.
დარეჯან ხინთიბიძე: “აუცილებლად წავალთ ქუთაისში და შევალთ პარლამენტში. 50 წელია აქ ვცხოვრობ, 40 წელია ისეთ გზაზე დავდიოდი, გვერდები ჩალეწილი მქონდა, ძლივს გვეღირსა და ახლა გვისპობენ? რატომ უფუჭებენ მოსახლეობას ამ დაგებულ ასფალტს, რატომ? მძიმეწონიანი მანქანები დადიან, არაფრით არ შეიძლება. იცით, როგორ ძაგძაგებს სახლები? მერე არ ერიდებიან, მომატებული სიჩქარით, გადაჭარბებული წონით, ასეთ მჭიდრო დასახლებაში? უნდა ნახოთ იქ რა ხდება, საიდანაც ამას იღებენ. იმის მომკითხავი თუ არის ვინმე?! იმ ტერიტორიაზე შეიძლება საშინელებაც მოხდეს, ასეთი განუკითხაობა თუ შეიძლება, უპატრონოდაა ეს ქვეყანა. ამდენი ქვიშის ამოღების მერე ხომ შეიძლება გადმოვიდეს მდინარე?! შეცვლილი აქვს მიმართულება უკვე, გადმოვა და დატბორავს მოსახლეობას. ვიღაცა თავისი კეთილდღეობისთვის იკეთებს საქმეს და აქ მოსახლეობას უფუჭებს გზას, სხვას რა ენაღვლება? დაბზარულია უკვე გზა, აწი წყალი ჩადგება და დამთავრდა!“
ფოთოლა ცხომელიძე: “არც გაზი გვაქვს, წლებია მოყვანილია სოფლის ცენტრში და ეს ადგილი დატოვეს. ალბათ, სოფლის დაცლა უნდათ მოსახლეობისგან. აბა, რას უნდა ნიშნავდეს ეს? რომელი საუკუნეა, ამ ცენტრალურ დასახლებაში გაზი არ უნდა იყოს? ყურადღებას არავინ არ გვაქცევს. შემოგვიყვანეთ გაზი!“
ავთანდილ ხინთიბიძე: “რატომ გაყიდეს ეს კარიერები, ვინ იყიდა, მოსახლეობას რატომ არავინ არაფერს ეკითხება?! ჩვენ აქ ვცხოვრობთ, საყანე ფართობები გვაქვს, სათხილეები, საქონლები გვყავს, შემოვარდნენ ეზოებში ასე ჰქვია, ერთი ადიდება და წაგვლეკავს მაშინვე, წაგვართმევს საქონელს ეს დატბორილი მდინარეები და რა ვქნათ, არ უნდა ვიცხოვროთ ამ სოფელში? მთელი მდინარე გაყიდულია, ასე როგორ შეიძლება?!“
კახა ბერაძე: “აფუჭებენ გზას, რა დააშავა ამ ხალხმა? დღეს კარგი ამინდია და წვიმაში ნახეთ, აქ რა სიტუაციაა. ეს არის სოფლის ცენტრალური გზა, ქალაქთან და ბევრ სოფელთან დამაკავშირებელი, რატომ გვიფუჭებენ, რატომ არავინ კითხულობს ჩვენს ამბავს? საიდანაც გამოაქვთ ეს ქვიშა, ესეც მოსახლეობისაა, საყანე ფართობში შესასვლელია, თორემ აქ ვიღაცამ ბიზნესი აკეთოს, იმისი არაა ნამდვილად. იქ სახნავ-სათესი მიწები გვაქვს. კანონის დარღვევა თვალხილულია _ აქ გავლა არ შეიძლება, ეს არის სოფლის ორღობე, სადაც 60-ტონიანი მანქანები ისეთი სიჩქარით დადიან, საშინელება მოხდება. ამორტიზირებულია, უკვე ბზარები გაჩნდა გზაზე, გადატვირთულები დადიან”.
აქციაზე ხმამაღალი დაპირისპირება გამოიწვია უცხო პირების გამოჩენამ. ერთ-ერთმა მოსახლეობას განუცხადა, რომ ის წარმოადგენდა კომპანიას, რომელიც მოიპოვებს სოფელ დვაბზუში კარიერს და რომლის სატვირთო მანქანებიც აღნიშნულ გზაზე გადადგილდებიან. აღნიშნულმა პიროვნებამ არც “გურია ნიუსს“ და არც მოსახლეობას თავისი ვინაობა არ გაუმხილა:
“მაცნობეს, რომ ჩემს სატვირთო მანქანებს გადადგილების უფლება არ მიეცით. მოვედი, რომ მითხრათ, რა ხდება, რატომ არ უშვებთ გზაზე მანქანებს? “_ ამ მიმართვამ მოსახლეობაში აჟიოტაჟი გამოიწვია, აღნიშნულმა პიროვნებამ მალე დატოვა ტერიტორია.
სოფელ მელექედურის დეპუტატმა ლევან კილაძემ “გურია ნიუსთან“აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის პროტესტს ეთანხმება და მათ გულისტკივილს იზიარებს:
“ჩვენ ვდგავართ ამ ხალხის გვერდით, გზა არ უნდა დაზიანდეს, მათი პროტესტი სამართლიანია, ვესაუბრეთ კომპანიის წარმომადგენელბს და დღეს შეაჩერეს გამოტანა კარიერის, გამგებელიც საქმის კურსშია“.