ამ ეტაპზე საუბარია რაიონის გამგებელ გიორგი გოგუაძეზე, რომლის კანდიდატურაც “დიპლომატიურადაც” გამართლებულია _ თუ “ქართული ოცნება” “გურიის” ყოფილ ლეგენდას, თემურ ჩხაიძეს დააყენებს, ლანჩხუთის გამგებელი მას საფეხბურთო კუთხითაც შეეცილება, რადგან “გურიისადმი” სახელისუფლო დახმარება სწორედ გამგებლის სახელთანაა დაკავშირებული. მით უფრო, დაგეგმილია ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის სრული რეაბილიტაცია.
ასევე, კარგა ხანია კულუარებში საუბრობენ ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთ მაღალჩინოსან გია თვალავაძის “ნაციონალურ” კანდიდატობაზე. მის უწყებაში იცვლებოდნენ მინისტრები, იჭერდნენ მაღალჩინოსნებს, მაგრამ თვალავაძე პოსტს ყოველთვის ინარჩუნებდა. მისი სახელი კორუფციასთან და დარღვევებთან არასდროს ყოფილა ასოცირებული და საერთოდაც, თვალავაძე ბუნებით პატიოსანი კაცია. ესეც არ არის მთავარი _ მას მთელი ლანჩხუთი აფასებს და ოპოზიციაშიც კი არ აქვთ არგუმენტი მის წინააღმდეგ. “ქართული ოცნების” ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რომან ბიწაძე აცხადებს, რომ “აწყობთ”, თუ ხელისუფლება თვალავაძის კანდიდატურას დააყენებს: “ვადასტურებ, რომ მისი კანდიდატურა “გვაწყობს”. იმიტომ, რომ ის პატიოსანი ადამიანია და იმ ხერხებით არ იბრძოლებს, რომლითაც ხელისუფლება იბრძვის. ბუნებრივია, ასეთ ადამიანთან პაექრობა კარგია”.
რომან ბიწაძემ დაასახელა ის პიროვნებები, რომელთა კანდიდატურებიც განიხილებოდა “ქართულ ოცნებაში”: “დასახელდა მერაბ ჟორდანიას, თემურ ჩხაიძის, ოთარ მენაბდის, რომან კვაჭაძის, ირაკლი მენაღარიშვილის, თაზო ორაგველიძის და თქვენი მონამორჩილის გვარიც. კიდევ იყო რამდენიმე კანდიდატი. ვნახოთ, ადგილობრივ ოფისთან აუცილებლად შეათანხმებენ კანდიდატს. მე, პირადად, თუ შემომთავაზებენ, მზად ვარ, მაგალითად, გია თვალავაძის მოწინააღმდეგე ვიყო არჩევნებზე. ბევრი ამბობს, რომ ის უალტერნატივოა. არ მგონია, ასე იყოს. სიმართლე გითხრათ, ნეტავ გიასნაირი პატიოსანი და სპეტაკი პიროვნებები ასი და მეტი მისცა საქართველოს”.