საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის მონაწილეებს უმასპინძლეს.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე გიორგი მარგველაშვილმა ქართველ და უცხოელ სტუმრებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ეუთოს ფორუმი, როგორც დიალოგის, მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატი, ბუნებრივად ერწყმის თბილისს, საქართველოს და ჩვენი საზოგადოების ეგზისტენციალურ ღირებულებებს.
"სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება საქართველოში გაიმართა. ქვეყანაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა სხვადასხვა ცივილიზაციების დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას.
ჩვენ ვართ ქალაქში, რომელიც სწორედ გასხვავებულთა თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის სიმბოლოს წარმოადგენს. ეს მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა და ამიტომაც ეუთოს ფორუმი, როგორც დიალოგის, მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატი ბუნებრივად ერწყიმის თბილისს, საქართველოს და ჩვენი საზოგადოების ეგზისტენციალურ ღირებულებებს.
საერთო ღირებულებები და საერთო ინტერესები, ეს არის რამაც დღევანდელ დღეს სხვადასხვა კონტინენტის წარმომადგენლები გაგვაერთიანა. მჯერა, რომ ურთიერთანამშრომლობის შედეგად ჩვენ შევძლებთ მშვიდობის უზრუნველყოფას. ჩვენს ქვეყანაში აღარ იარსებებს გამყოფი ხაზები, ოკუპირებული ტერიტორიები. აღარასდროს განხორციელდება ეთნიკური წმენდა. მოსახლეობა აღარ იქნება მოკლებული საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების უფლებას.
სხვა ქვეყნების ინტერესების შელახვითა და მისი მოსახლეობის დევნით, კეთილდღეობა ვერ მიიღწევა", _ აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.