ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა ლევან ქავჟარაძემ და დავით ჩხარტიშვილმა რუმინეთში, გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.
ლევან ქავჟარაძე "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ შარშან მესამე ადგილი დაიკავა და წელს ეს შედეგი გამოასწორა. მისივე თქმით, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.
"ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ საქართველოს ნაკრები გახდა ევროპის ჩემპიონი. ასევე საამაყოა ის ფაქტი, რომ ამ გამარჯვებაში ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა თავისი წვლილი შევიტანეთ. ახლა აქტიურად ვემზადები მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც აგვისტოს დასასრულს გაიმართება საფრანგეთში. ჩემს გულშემატკივრებს ვპირდები, რომ ვიბრძოლებ პირველი ადგილისთვის", – გვითხრა ლევან ქავჟარაძემ.
ინფორმაციისთვის, შარშანდელის მსგავსად საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა ტრიუმფით დაასრულა გამოსვლა ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ზაზა სილაგაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა 6 მედალი და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (50), რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ, ვერცხლის მედლები ლევან ქავჟარაძემ (60) და გიორგი მელიამ (97) მოიპოვეს, ბრინჯაოს დავით ჩხარტიშვილი (55) დაეუფლა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა წინა წლის მსგავსად კვლავაც ყველას აჯობა და 62 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე რუსეთი გავიდა 50 ქულით, მესამეზე აზერბაიჯანი 48.