პირველად აჭარის მთავრობის ისტორიაში, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა.
ხაბაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
უკვე სახელდება მისი შემცვლელის ვინაობაც. როგორც"გურია ნიუსთან" ინტერვიუში აჭარის უზენაესი საბჭოს წევრმა მედეა ვასაძემ განაცხადა, ხაბაძეს ყაზახეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ზურამ პატარაძე შეცვლის.
გავრცელებულ ინფორმაციას პატარაძის დანიშვნასთან დაკავშირებით, არჩილ ხაბაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს.
როგორც დღეს მან ჟურნალისტებს განუცხადა, ზურაბ პატარაძე პროფესიონალი ადამიანია და მისი ცოდნა რეგიონისთვის სასარგებლო იქნება.
"ბატონი ზურა არის ჩვენი კუთხის შვილი, ის არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი და თავისი საქმის პროფესიონალი. ჩვენი რეგიონისთვის ძალიან გამოსადეგია მისი გამოცდილება, ცოდნა, კომპეტენცია. მისი რესურსი იქნება თუ არა გამოყენებული, ამას დამატებით გაცნობებთ", _ აღნიშნა ხაბაძემ.
ცნობისთვის, ახალი მეთაურის დანიშვნამდე დროებით მთავრობას ისევ ხაბაძე უხელმძღვანელებს.
ამავე თემაზე:
გადადგა თუ არა აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე
"ვაცადოთ, იქნებ არ მიდის არსად" – რას აცხადებენ აჭარის მთავრობაში ხაბაძის გადადგომაზე