სემეკმა მოქალაქეებს 98 000 ლარზე მეტი დავალიანება ჩამოაწერა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომისიამ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალიწინებული საკითხები განიხილა, რომელთა დიდი ნაწილი მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა.
"დავები მოიცავდა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ კომპანიის მიერ მიღებულ დადგენილებებს, უსაფუძვლოდ განხორციელებულ დარიცხვებს, მრიცხველის საფასურს, ხანდაზმულ დავალიანებებს. მთლიანობაში ჩამოწერილმა თანხამ 98 661,75 ლარი შეადგინა", _ აცხადებენ სემეკში.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ კომისიას ან კომისიასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე – 242 01 80, ასევე, Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.