ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მოსახლეობა აქციებს აანონსებს:
_ ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც გურიის ერთ-ერთი ულამაზესი და საქართველოს უსაყვარლესი შვილის, ნოდარ დუმბაძის აღმზრდელი სოფელი ხიდისთავი, მართლაც რომ ხიდის თავი გახდა. ექვს თვეზე მეტია ადიდებულმა გუბაზეულმა შეიწირა რაიონთან დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალება. დიახ, ექვს თვეზე მეტია, როგორც სოფელ ხიდისთავის, ასევე მისი მიმდებარე ქვენობნის მოსახლეობას რაიონულ ცენტრთან დასაკავშირებლად 5 კილომეტრი მოასფალტებული გზის გავლის მაგივრად 20-25 კმ დანგრეული გზით სარგებლობა უწევს.
6 თვეზე მეტია ხელისუფლება ახალი ხიდის აშენებას გვპირდება. თითქოს თანხაც ჩამორიცხულია, პროექტიც გაკეთებულია, მაგრამ არ იქნა და არ მოხერხდა მშენებარე კომპანიებთან მოლაპარაკება. მოსახლეობა კი ეჭვობს, რომ მოლაპარაკებას ვიღაცა შეგნებულად უშლის ხელს, რადგან ხელისუფლებიდან წამოსულ დაპირებებს ბოლო აღარ უჩანს. მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება, _ აღნიშნულია სოფლის მცხოვრებთა ნაწილის განცხადებაში.
ამავე განცხადებით ცნობილი ხდება, რომ 14, 14 და 15 ივლისს საპროტესტო აქციები მოეწყობა და ჩოხატაური-ნაბეღლავი ბახმაროს მიმართულებით გზა გადაიკეტება:
_ მოვუწოდებთ, როგორც ხიდისთავის ასევე ბუკნარის, ქვენობნისა და ბასილეთის მცხოვრებლებს შემოგვიერთდით რათა ხელისუფლებას შევაგნებინოთ, რომ ამ ისტორიულ სოფელში ადამიანები ვცხოვრობთ და არა საქონლები, _ აღნიშნავენ განცხადების ავტორები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით ხიდის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად მთავრობამ ფული უკვე გამოყო:
_ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის N485 განკარგულბით – ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს სოფ. ხიდისთავში საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად გამოეყო – 1 872 293 (ერთი მილიონ რვაას სამოცდათორმეტი ათას ორასოთხმოცდაცამეტი) ლარი.
აღნიშნული სამუშოების პროექტის (ღირებულება – 60000 ლარი) მომზადება განახორციელა შ.პ.ს. ,,კავტრანსპროექტმა“, რომელიც ჩაბარდა მ/წლის 22 იანვარს.
სოფ. ხიდისთვში ახალი ხიდის მშენებლობის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა 2016 წლის 4 აპრილს 17:30 სთ, წინადადების მიღება დასრულდა – 25 აპრილს 14:00 ათ. ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა 5 პრეტენდენტი: შპს „გრინ ვეი 2012“ – 1 497 834 ლარი; შპს „ლიტომის წარმომადგენლობა საქართველოში“ – 1 697 777 ლარი; შპს „Georgian Bridge Construction“- 1 699 999 ლარი; შპს „ზიმო“ – 1 700 000 ლარი; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში – 1 705 000 ლარი.
აღნიშნულ ტენდერში მიმდინარე შესყიდვაზე განხორციელდა 2 საჩივარი:
1. პირველი განხორციელდა 11 მაისს შ.პ.ს. ,,ლიტომის წარმომადგენლობა საქართველოში“-ს მიერ შ.პ.ს. ,,გრინ ვეი 2012“-ის მიმართ, რომელიც დაკმაყოფილდა 25 მაისს. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სატენდერო კომისიის მიერ 1 ივნისს დისკვალიფიკაცია მიენიჭა შ.პ.ს. ,,გრინ ვეი 2012“-ს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
2. მეორე საჩივარი განხორციელდა 2016 წლის 16 ივნისს შპს „Georgian Bridge Construction“-ს მიერ შპს „ ლიტომის წარმომადგენლობა საქართველოში“ მიმართ, რომელიც დაკმაყოფილდა 30 ივნისს. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სატენდერო კომისიის მიერ დისკვალიფიკაცია მიენიჭა შპს „ლიტომის წარმომადგენლობას საქართველოში“ საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის გამო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემდეგი მცირე ფასით გამარჯვებული პრეტენდენტის – შპს „Georgian Bridge Construction“ მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა/შეფასება. მშენებლობის დაწყების გაჭიანურებასთან დაკავშირებით, ყველა მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით ტენდერი დასრულდება სავარაუდოდ 30 ივლისს, _ აღნიშნა ჩოხატაურის გამგებელმა.