14 ივლისს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 155 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით ვაჟას მშობლიურ სოფელ ჩარგალში სხვადასხვა აქციები იმართება.
ვაჟა-ფშაველას საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ლელა რაზიკაშვილი მოუწოდებს მედიას, რომ 14 ივლისს, პოეტის დაბადების დღეს, გამოცხადდეს "ვაჟას დღე ქართულ მედიაში!". ამავე დღეს, ყველა ჟურნალისტს, ვისაც ექნება ამის საშუალება და სურვილი, ფონდი იწვევს ვაჟას მშობლიურ სოფელში, ჩარგალში, აქციაზე, ,"მედია კითხულობს ვაჟას."
"იდეა შთაგონებულია პოეტის ბიოგრაფიის იმ ეტაპით, როცა იგი სხვადასხვა გაზეთებისა და ჟურნალების აქტიური კორესპონდენტი იყო. მისი ფელეტონები და კორესპონდენციები დღესაც ამდიდრებს ქართული პუბლიცისტიკის ისტორიას. ამდენად, ვაჟა ქართველი ჟურნალისტების პროფესიულ წინაპრადაც შეიძლება განვიხილოთ და მისი საიუბილეო თარიღი პროფესიული სოლიდარობით აღვნიშნოთ. მედიასაშუალებებს წინასწარ ვთავაზობთ რამდენიმე თემას, რომელთა გაჟღერება შესაძლებელია სიუჟეტებსა და პუბლიკაციებში. ესენია: ვაჟა და ჰუმანური მსოფლიო, ვაჟას საქართველო და ევროპა, ღირებულებათა ერთიანი სივრცე, ვაჟას პოსტულატები ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში", – აცხადებს ლელა რაზიკაშვილი.