ახალი ამბების სააგენტო "თაიმერის" ვებგვერდზე გუშინ, გვიან საღამოს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიამ ხანდაზმულ ქალბატონს ფულადი თანხის გადაცემის ნაცვლად, სარიტუალო მომსახურების ბიუროს "ჰერმესის" მომსახურება შესთავაზა.
დღეს მერიამ ზემოთაღნიშნულ სტატიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ახალი ამბების სააგენტო "თაიმერის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ხანდაზმულ ანა გაგუას, კუთვნილი 1000 ლარის ნაცვლად, თბილისის მერიამ შპს "ჰერმესის"სარიტუალო მომსახურება შესთავაზა, არის ტყუილი! ეს არის მიზანმიმართული სიცრუე და არაპროფესიონალიზმი.
სააგენტომ გამოიყენა 1 წლის წინანდელი ცრუ ინფორმაცია და გუშინ, გვიან ღამით, გაავრცელა ის, როგორც ახალი ამბავი. იმის მიუხედავად, რომ 2015 წელს, აღნიშნულ საკითხზე გაკეთდა განმარტება და ანა გაგუას ოჯახის წევრებმა – ანა მამრიკაშვილმა და მისმა მეუღლემ ალექსანდრე კუტუბიძემ აღიარეს ბებიისთვის სარიტუალო მომსახურების შეთავაზებაზე ხუმრობა. თუმცა, "თაიმერისთვის" ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გუშინ სააგენტომ "ახალი ამბავი" გაავრცელა რეალური რიცხვით – 11.07.2016. ახლა კი თარიღი შეცვლილია და მითითებულია – 11.07.2015.(იხ. ფოტო3), თითქოს, შარშან განთავსდა მათ ვებგვერდზე. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მერიის მხრიდან სარიტუალო მომსახურების შეთავაზებაზე ცრუ ინფორმაცია 3 ივლისს გავრცელდა (იხ. ფოტო 4) და არა 11 ივლისს. რაც მოწმობს იმას, რომ, ამჟამად, სააგენტოს გვერდზე არსებული მასალა ვერ იქნება 2015 წელს დაწერილი "ახალი ამბავი".
აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სააგენტო „თაიმერი“ ცრუ ინფორმაციას განზრახ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ავრცელებს."-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.