„ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას ჯერ არ ჩქარობს. როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში ამბობენ, კანდიდატურებზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ.
მმართველ პარტიაში არც კონკრეტულ გვარებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ჯერ მუშაობა მიმდინარეობს.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, რამდენიმე საარჩევნო ოლქში „ოცნებას“ კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს. ჩვენი წყაროს თქმით, გადაწყვეტილია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე კენჭს თბილისში, საბურთალოზე იყრის; საგარეჯოში _ სოლომონ პავლიაშვილი; მთაწმინდაზე ან ვაკეში „ქართული ოცნება“ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის დაყენებას აპირებს.
ჩვენი ინფორმაციით „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის კანდიდატურაზეც მსჯელობენ. როგორც გვითხრეს, იგი კანდიდატად ნაძალადევის საარჩევნო ოლქში განიხილება.
ჯერჯერობით, დაუზუსტებელია ვინ იქნება მმართველი ძალის კანდიდატი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ ოლქში. ასევე გაურკვეველია ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი ოზურგეთის საარჩევნო ოქლში.
როგორც გვითხრეს, გურიაში წარსადგენად, ორივე საარჩევნო ოლქში, ამ ეტაპზე, რამდენიმე ადამიანთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.