ოზურგეთში წინასაარჩევნო მარათონი დაწყებულია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჯერ გადაწყვეტილი არ არის ვინ იქნება ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოზურგეთის მუნციპალიტეტის სოფლებში უკვე აქტიურადაა დაწყებული "ქართული ოცნების" მხარადმჭერების სიის შეგროვება და 26 ივლისს ქალაქ ოზურგეთში დეპუტატობის კანდიდატის დასახვედრად დამსწრეების მობილიზაცია.
პარტიის მხარდასაჭერი სამუშაოები დავალებული აქვთ ბაღის გამგეებს, სკოლის დირექტორებსა თუ დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, რასაც კოორდინაციას სოფლების დეპუტატები უწევენ.
"რაც ხდებოდა ადრე, ისევ იგივე მეორდება, არაფერია ახალი! ვაგროვებთ მხარადამჭერების სიას, ჩვენთან ერთად მუშაობენ "ქართული ოცნების" კოორდინატორები. ეს ადამიანები კი 26 ივლისს , ქალაქ ოზურგეთში უნდა ჩამოვიდნენ , დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას"_ გვითხრა ერთ-ერთ სოფელში დასაქმებულმა თანამდებობის პირმა.
"გურია ნიუსი" შეეცადა აღნიშნული ინფორმაცია გადაემოწმებინა რამდენიმე სოფლის დეპუტატთან. უმრავლესობამ უარყო, თუმცა ერთ-ერთმა დეპუტატმა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია დაადასტურა:
"კი ბატონო მასეა, ან რად გვინდა სიით აღნიშვნა? ისედაც ვიცით ვინ არის ჩვენი მხარდამჭერი და ვინ არა. ბაღის გამგეებს, სკოლის დირეტორებს, რწმუნებულებს, სპეციალისტებს აქვთ სპეციალური სია. 26 ივლისს კი ოფიციალურად წარადგენენ დეპუტატობის კანდიდატს."_ გვითხრა დეპუტატმა.