პრეზიდენტს მანქანასთან გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი მიეგება. რატომღაც, მიხეილ სააკაშვილს თან არ ახლდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი.
პრეზიდენტმა სტუდენტური დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია სიტყვით გახსნა. პროგრამა 25 000 სტუდენტზეა გათვლილი.
სააკაშვილი სტუდენტური ბარათების პროექტის პრეზენტაციასაც გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ამისთვის სპეციალურად ჩამოიყვანეს სტუდენტები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტებიდან.
ერთ-ერთი წარმომადგენელი, სავარაუდოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, რომელმაც ჩვენთან ვინაობის გამხელა არ ისურვა, საგულდაგულოდ ჩხრეკდა სტუდენტებს და თან სიას კითხულობდა.
იმ მომენტისთვის, როცა ვცდილობდით გავსაუბრებოდით სტუდენტებს, მათ თვალით ანიშნეს, რომ არ გაემხილათ ვინაობა.
როგორც ოზურგეთის პროფესიული კოლეჯის, “ჰორიზონტის” დირექტორმა ნანა ჯოლიამ “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ამ შეხვედრას კოლეჯის სტუდენტებიც დაესწრებიან და სწორედ პრეზიდენტისგან შეიტყობენ ამ ახალი პროექტის შესახებ.