ბათუმი მაღალი დონის ღონისძიებების პლატფორმად იქცა. დღეს რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
"საქართველო არის ევროპა" – ამ გზავნილით დაიწყო სიტყვით გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ისტორია სამუდამოდ არის დაკავშირებული ევროპასთან.
"რასაკვირველია, მხოლოდ სიტყვები არ კმარა. ჩვენ ეს კარგად გვესმის. სწორედ ამიტომ აქვთ ქართველებს მტკიცედ გადაწყვეტილი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება და მეტის გაკეთებაც, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დამეთანხმებით, ჩვენი წინსვლა შთამბეჭდავია. სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველო სტაბილურად მიიწევს წინ ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების გზაზე. ასოცირების ხელშეკრულება არის ჩვენი რეფორმების გზამკვლევი, რომელიც მოიცავს ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, წარმოების, ტრანსპორტის, მომხმარებელთა დაცვისა და ბევრ სხვა სფეროს. ჩვენ უკვე განვახორციელეთ ჩვენი სამართლებრივი და საარჩევნო სისტემების ფუნდამენტური რეფორმა. ჩვენ შევასრულეთ ვიზების ლიბერალიზაციის ყველა მოთხოვნა, რაც დაადასტურეს კიდეც ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ასოცირების ხელშეკრულების ოფიციალურად ძალაში შესვლამდე 1 ივლისს, ჩვენ შევასრულეთ და დავნერგეთ მისი ბევრი დებულება," – აღნიშნა პრემიერმა.