12 ივლისს, ჩოხატაურში, "ივლიტას ბიბლიოთეკაში", შედგა "გამარჯვებულ ქალთა" კლუბის პრეზენტაცია. კლუბში გაერთიანდებიან ძუძუს კიბოთი დაავადებული და დაავადებაზე გამარჯვებული ქალბატონები. კლუბი დაფუძნდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, მაია პაიჭაძის უშუალო ინიციატივითა და საკრებულოს ხელშეწყობით. კლუბის თავმჯდომარედ აირჩიეს ირმა გურგენიძე, რომელიც წლების წინ თავად იყო პაციენტი, თუმცა, მან შეძლო დავადებასთან გამკლავება და დღეს იგი უკვე "გამარჯვებულია".
_ საქართველოში "გამარჯვებულ ქალთა კლუბი" 2008 წელს, თინათინ ბერუჩაშვილმა დააფუძნა, რომელიც ასევე გახლავთ ეროვნული სკრინინგ-ცენტრის გენერალური მენეჯერი. 5 წლის წინ კლუბი დაფუძნდა ლანჩხუთში, დღეიდან კი "გამარჯვებულ ქალთა კლუბი" ჩოხატაურშიც იფუნქციონირებს. სიმბოლურია, რომ კლუბის გახსნა დაემთხვა პეტრე-პავლობის დღესასწაულს, _ თქვა "გურია ნიუსთან საუბრისას მაია პაიჭაძემ.
შეხვედრაზე მოსული ქალბატონები აღნიშნავენ, რომ კლუბის შექმნა გარკვეული სტიმულია მათთვის.
ქეთო გორდელაძე, პედაგოგი: _ თებერვალში გავიკეთე მკერდზე ოპერაცია. ახლა რეაბილიტაციას გავდივარ. სამი თვე გავიდა, ქიმიოთერაპიის ექვსი კურსი ჩავიტარე. ჯერჯერობით, თავს არ ვგრძნობ კომფორტულად. ალბათ, თანდათანობით შევეგუები და შევძლებ, შევებრძოლო და დავამარცხო დაავადება. ამ კლუბის ჩამოყალიბება ძალიან გამიხარდა. თავიდან ძალიან პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ შვილები, ნათესავები, კოლეგები გვერდში დამიდგნენ და გამაძლიერეს. ახლა ეს კლუბი გამოჩნდა, რაც ძალიან მიხარია, ოპტიმისტურად განვეწყვე ამ ყველაფრის მიმართ. ეს დიდი სტიმულია ჩემთვის.
მზია კვირკველია: "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" ლანჩხუთის ოფისის ხელმძღვანელი: _ საქართველოში პირველად თბილისში ჩამოყალიბდა "გამარჯვებულ ქალთა კლუბი", რომლის პირველი წევრი მე გახლდით. მე თუ გავიმარჯვე, ამას სხვებიც შესძლებდნენ. გამიჩნდა იდეა, მათ დავხმარებოდი და ლანჩხუთშიც ჩამოვაყალიბეთ კლუბი. მე ვარ ამ კლუბის დირექტორი, რომელშიც 48 წევრია. ეს არის ერთი პატარა, ლამაზი ოჯახი, რომელსაც ვერავინ და არაფერი ეხება, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩოხატაურშიც წამოგვეწყო ეს კარგი საქმე. იმედი მაქვს, ყველაფერი წარმატებით დამთავრდება. ვიქნებით ძალიან აქტიურები და ჩვენ გავიმარჯვებთ.
როგორც შეხვედრიდან შევიტყვეთ, "გამარჯვებულ ქალთა კლუბი" ძალიან ბევრ სიახლეს ჰპირდება ქალბატონებს. უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სახელმწიფო სკრინინგ-პროგრამებში ჩართვასთან დაკავშირებით.