ბრიტანულმა გაზეთმა "Daily Telegraph"–მა, ლონდონის უნივერსიტეტის ფსოქოლოგების გამოკვლევებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჩაის სმა ამცირებს განცდილი სტრესით გამოწვეულ შფოთსა და მღელვარებას.
სწავლულების დასკვნით, ერთი ჭიქა ჩაი გაღიზიანებადობას დაახლოებით 4%–ით ამცირებს, ხოლო ჩაის მთელ პროცედურას 25%–ით შეუძლია სტრესული მდგომარეობის შემცირება.
ფსიქოლოგების განმარტებით, სტრესთან ბრძოლაში მთავარ როლს არა მხოლოდ ჩაის დამამშვიდებელი ეფექტი ასრულებს, არამედ – თვით ჩაის სმის რიტუალი.
ამ რიტუალის შესრულებისას ადამიანი ივიწყებს თავის ყოფით პრობლემებს და, როგორც კვლევის ხელმძღვანელმა მალკოლმ კროსმა ინტერვიუში განაცხადა, „ჩაის სმის სოციალურ–ფსიქოლოგიური ასპექტები დიდ გავლენას ახდენს როგორც ჩვენს სხეულზე, ასევე ჩვენს გონებაზეც“.
მისი თქმით, სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ „ბრიტანელები ყოველთვის, როდესაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, ჩაის სმის რიტუალს მიმართავენ ხოლმე“.