ოზურგეთის გამგებლობის ყოფილი კანდიდატი მინდია კეჭაყმაძე "გურიის განვითარების ფონდს" აფუძნებს. ამ ეტაპზე კეჭაყმაძე "გურია ნიუსთან" არ ამხელს, თუ ვისთან ერთად აპირებს გურიის განვითარებას.
_ ბატონო მინდია, როგორ აპირებთ გურიის განვითარებას?
_ "გურიის განვითარების ფონდი" იქნება ჩვეულებრივი ა(ა)იპ, რომლის მეშვეობით დავიწყებთ ახალი ინიციატივების წარდგენას საზოგადოების წინაშე. ჯერ შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, გვაქვს ჩვენი მიზნები და ამოცანები.
_ თქვენთან ერთად, ვინ არიან ა(ა)იპ-ის დამფუძნებლები?
_ უშუალოდ ამ გუნდს ამ ეტაპზე მე ვხელმძღვანელობ, მაგრამ შეიძლება მოგვიანებით სხვამ უხელმძღვანელოს. როგორც საინიციატივო ჯგუფი გადაწყვეტს, ისე იქნება.
_ ვინ არიან საინიციატივო ჯგუფის წევრები?
_ ხუთკაციანი ჯგუფია. უფრო მეტად, ადგილობრივი მეწარმეები. გვყავს წარმომადგენელი ლანჩხუთიდან.
_ რატომ არ ასახელებთ მათ ვინაობას, საიდუმლოა?
_ მოკლე ხანში ყველაფერი ცნობილი გახდება.
_ ბატონო მინდია, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ ჯგუფის უკან "ქართული ოცნება" დგას.
_ არანაირი პოლიტიკური ძალა ჩვენ უკან, გვერდზე ან წინ არ დგას. ჩვენ ვიქნებით ობიექტურები და თავისუფლები. ასევე, გვინდა, მოვიპოვოთ უფლება და საპარლამენტო არჩევნებზე ვიყოთ დამკვირვებლები, რადგან ამომრჩევლებს ზუსტი და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ.
_ ბატონო მინდია, რა შუაშია "გურიის განვითარების ფონდი" არჩევნებთან?
_ ეს იქნება ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. გვინდა, უბრალოდ, დავაკვირდეთ არჩევნებს და გავაკეთოთ სამართლიანი ანალიზი.
_ ფინანსურ მხარდაჭერას რა გზით მოიპოვებთ თუ გურიის განვითარებას ფინანსების გარეშე აპირებთ?
_ არის დაპირებები. ჩვენ მხარში დაგვიდგება ის ხალხი, რომლებიც გურიიდან არიან წასულები და თბილისში წარმატებულად საქმიანობენ.
_ თქვენი გეგმა ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცანით?
_ არა, ჯერ არ მქონია შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
_ 2012 წელს, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით შეიქმნა "გურიის აღორძინების ფონდი", მაგრამ ფონდს არაფერი გაუკეთებია. ისევ წინასაარჩევნოდ რატომ იქმნება ეს ფონდი?
_ ეს არ არის "ზემოდან" წამოსული წინადადება _ ეს არის ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის იდეა. 2008 წელს, როდესაც მე მოვედი პოლიტიკაში და კენჭი ვიყარე დეპუტატობის კანდიდატად, ყველას ახსოვს მაშინ განვითარებული მოვლენები. არ ვამბობ, რომ გავიმარჯვებდი, მაგრამ როგორ გაყალბდა არჩევნები, ეს ყველამ იცის. წავაგე და იდეები, რომელიც მაშინ მქონდა, ვერ გავახორციელე. აქ არაფერ შუაშია მიხეილ სააკაშვილი ან "ქართული ოცნება".