ჩოხატაურის პოლიციის სამმართველომ, ჩოხატაურში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე ლომბარდის ირგვილ შექმნილ პრობლემებზე, მოქალაქეების საჩივრებისა და გურია ნიუსში გამოქვეყნებული სტატიის საფუძველზე, წინასაგამოძიებო მოქმედებები დაასრულა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
საქმე გამოსაძიებლად გურიის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოს გადაეცა და ამ წუთებში, როგორც გვითხრეს, ლომბარდის წარმომადგენელი ქეთევან ყაჭეიშვილი დაკითხვაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ლომბარდის მეპატრონეს _ ნესტან ზაქრაძეს მოქალაქეები თაღლითობაში ადანაშაულებენ. "გურია ნიუსში" შემოტანილ განცხადებებში აღნიშნულია, რომ მოქალაქეები, თანხის გადახდის მიუხედავად, კუთვნილ ნივთებს თვეებია უკან ვერ იბრუნებენ.
თავად ზაქრაძე ამბობს, რომ დამნაშავე მისი თანამშრომელი ქეთევან ყაჭეიშვილია, რომელისგანაც ვალის _ 80 000 დოლარის აღიარების ხელწერილიც აქვს. თავის მხრივ ყაჭეიშვილი ხელს ზაქრაძისკენ იშვერს და ამბობს რომ ის არაფერ შუაშია.
აღსანიშნავია, რომ ლომბარდისგან დაზარალებული მოქალაქეების რიცხვი 200-ს აღემატება. ამ ეტაპზე ლომბარდი დაკეტილია, ხოლო დაზარალებულები კუთვნილი ნივთების დაბრუნების მოლოდინში არიან.
ვრცლად იხილეთ: ლომბარდისგან დაზარალებული ათობით მოქალაქე სამართალს ეძებს