სპორტსმენს, ყოფილ ტელეწამყვანს, ლევან როსტოშვილს, იგივე "როსტოს" საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლებენ.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში როსტოშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული მსახიობ ლაშა კურტანიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლოს პრესსამსახურში გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ. პრესსამსახურში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ პროცესის დასრულებამდე, ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე "როსტო" და მსახიობი ლაშა კურტანიძე სამართალდამცევლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-მოხმარების ბრალდებით 2016 წლის მაისის დასაწყისში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.