ზოოპარკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ირმებს – ყვიყვსა და ლეილას გოგო შეეძინათ.
"კიდევ ერთი ბავშვი გვყავს. ცოტა ხნის წინ კეთილშობილ ირმებს, ყვიყვსა და ლეილას გოგო შეეძინათ. ლამაზია და თვალებმაყვალა (ბევრი იტყვის ალბათ ახლა, მაყვალა დაარქვითო). ადამიანს თუ ნამეტნავად დიდი ყურები აქვს, დანანებით აღნიშნავენ–ხოლმე კრიტიკოსი წუნიები, გარეგნობით არა უშავს, თეფშებივით ყურები რომ არ ჰქონდესო. აი, ჩვენს პატარაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. ნავის ნიჩბებივით ფარფალა ყურები თითქოს დამატებით სიმსუბუქეს სძენს ისედაც მოხდენილსა და ნარნარას. რაღაცნაირია, დამოუკიდებელი. სულ დედას კი არ დასდევს კუდში. თავისთვისაა, წყნარად და მშვიდად. ერთი გრილი ადგილი აქვს ამოჩემებული ვოლიერში და დღის ცხელ მონაკვეთს ძირითადად იქ ატარებს.
მისი დაბადება ჩვენთვის განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან თბილისის ზოოპარკი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად (GIZ) კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტშია ჩართული. შარშან, ამ დროს პირრა გაგვიჩნდა. პირველი ახალშობილი წყალდიდობის შემდეგ. ახლა – ეს. ჰოდა, ეს ერთი და სხვა მრავალი,"_ წერია ზოოპარკის "ფეიბუკის" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.