საქართველოში მოსახლეობის ნატო-ს მიმართ განწყობაზე გავლენას რუსული მედია საშუალებებიდან გავრცელებული არასწორი ინფორმაცია ახდენს. აღნიშნულ საკითხზე "გურია ნიუსს" ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ქეთი ჩაჩავა ესაუბრა.
"ჰიბრდული ომი ძალიან აქტუალურია. სამწუხაროდ, რუსული მედიაწყაროები კარგად ახერხებენ პროპაგანდის გავრცელებას, მაგრამ პროპაგანდას პროპაგანდით ვერ დავუპირისპირდებით. ჩვენი მიდგომა არის სწორედ, ის, რომ მაქსიმალურად გასაგებ ენაზე ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ფაქტებით გაჯერებული ინფორმაცია, რომ შემდეგ მოქალაქემ თვითონ შეძლოს გადაწყვეტილების მიღება და გაარჩიოს, რა არის მართალი და რა ტყუილი, რის შემდეგაც თვითონ შეძლებს დაუპირისპირდეს სიცრუეს,"_ამბობს ჩაჩავა.
როგორც ჩაჩავა აღნიშნავს, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ხშირად მართავს მოქალაქეებთან შეხვედრას სხვადახვა ფორმატში.
"ჩვენ მოქალაქეებს სხვადახვა ფორმატში ძალიან ხშირად ვხვდებით. მოსახლეობასთან ურთიერთობიდან ჩანს, რომ რუსული პროპაგანდა მათზე ზეგავლენას ახდენს, რადგან, როდესაც ადამიანი იღებს ინფორმაციას და მას არ აქვს ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა, კითხვის ნიშნები უჩნდება, რაც რუსული პროპაგანდის მიზნის ნაწილია,"_ აღნიშნავს ჩაჩავა.
მისივე თქმით, მოსახლეობისთვის ნატო-ს შესახებ მითების დამსხვრევაში მნიშვნელოვანია მასწავლებლებისა და სასულიერო პირების ჩართულობა.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვცდილობთ არა მარტო საკუთარი ძალებით ვებრძოლოთ ამ პროპაგანდას, არამედ აქტიური ურთიერთობა გვქონდეს ჩვენს პარტნიორებთან, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია წარმომადგენლები, სხვადასხვა უწყებები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მასწავლებლების და სასულიერო პირების ჩართულობაც, რადგან ისინი მოსახლეობის თვალში ნდობას იმსახურებენ,"_ამბობს ჩაჩავა.
ჩაჩავამ "გურია ნიუსთან" მომავალი არჩევნების შესახებაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი მოსახლეობის ბრძნული და ინფორმირებული გადაწყვეტილების, იმის რომ რამეზე იმედგაცრუებული არ მიიღებს რადიკალურ გადაწყვეტილებას და მგონი დროა, ვიღაცის წინააღმდეგ ემოციით მიღებული გადაწყვეტილებები ვიღაცის მხარდაჭერით შეიცვალოს,"_თქვა ჩაჩავამ.
როგორც ცნობილია, საქართველოში ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წლიდან ფუნქციონირებს.
ცენტრის მიზანი ნატო-ს მიმართ საქართველოში საზოგადოების აზრის ფორმირებაა.
შეგახსენებთ, რომ 18-19 ივლისს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციამ "ინტეგრაცია ნატო-სა და ევროკავშირისკენ" ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის ნატო-ს შესახებ რიგით მე-7 საზაფხულო სემინარი გამართა. სადაც, ქეთი ჩაჩავამ, სემინარის მე-2 დღეს,საქართველოში ნატო-ს კომუნიკაციის შესახებ ისაუბრა.