გიორგი მარგველაშვილს სკანდალურ განცხადებას, რომლის თანახმადაც მისი ოჯახის წევრებზე სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა უკვე მოჰყვა გამოხმაურებები.
პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს ის კონკრეტული პირი, ვინც ზეწოლას ახდენდა:
"პრეზიდენტს არ შეეფერება მიკიბულ-მოკიბული საუბარი! რადგან დაიწყო ლაპარაკი, ვალდებულია ღიად თქვას, ვინ ახდენდა ზეწოლას მისი ოჯახის წევრზე (თანაც სამართალდამცავების ჩართვით) და რა მიზნით?! რატომ იყო ამდენ ხანს ჩუმად?!
იმის მაგივრად, რომ ფაქტი გაასაჯაროოს და დამნაშავე დააჭერინოს, პრეზიდენტი მოქალაქეებს შესჩივის, დანაშაული მოხდა, მაგრამ, თქვენ ვერ გეტყვით, ვინ ჩაიდინა და მხოლოდ პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს გავუმხელო.
თუმცა, იმას აღარ ამბობს, მათ რომ გაუმხელს, მერე რა მოხდება, მხოლოდ ამ სამს შორის დარჩება ეს საქვეყნოდ გამოფენილი საიდუმლო, თუ კიდევ ვინმეს გაანდობენ?!
ასეთი საუბარი დიდი ბიჭებისგან გალახულმა პატარა ბავშვებმა იცოდნენ, პრეზიდენტს კი ასეთ შემთხვევებში სათანადო ზომების მიღება ევალება!
პრეზიდენტს ხომ ჰყავს ექსპერტები და იურისტები და აბა გაიკითხონ ევროპაში და ამერიკაში, რომელიმე სახელმწიფოს მეთაურს რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინა, შემდეგ როგორ განვითარდებოდა მოვლენები?!" _ წერს მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.