2016 წლის 1 მაისიდან სტარტი აიღო გოგონათა ანსამბლ "იალონის" უმნიშვნელოვანესმა პროექტმა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ექვსი თვის მანძილზე გუნდი "იალონი" იმოგზაურებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც ადგილობრივი გუნდების ჩართულობით ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტებსა და საგანმანათლებლო მასტერკლასებს ჩაატარებს. ეს პროექტი საქართველოს რეგიონული ფოლკლორული და საეკლესიო გუნდების რამდენიმე წლიანი თხოვნის გათვალისწინებით შედგა. ამ ეტაპისტის გუნდი ესტუმრა ქუთაისის,ზუგდიდის, ოზურგეთის რაიონებს.
გუნდი 2009 წელს, თბილისის კონსერვატორიის სტუდენტების ბაზაზე, ეთნომუსიკოლოგ ნინო ნანეიშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა. 2014 წლიდან გუნდი ასევე აქტიურად შეუდგა ქართული ხალხური, ქალაქური მუსიკის ნიმუშების შესრულებას. გამოცემული აქვს სამი კომპაქტდისკი და ერთი DVD. 2016 წელს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ფარგლებში გუნდმა მოიპოვა ქალთა ანსამბლებში პირველი ადგილის ნომინაცია.
24-25 ივლისს, ოზურგეთში, გურული ტრადიციული მუსიკის კავშირის, ფონდი ქართული გალობის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ოზურგეთის მერიისა და თეატრის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ხელშეწყობით ფილიმონ ქორიძის, უკვე წმიდანად შერაცხული გალობის მოამაგის ხსენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ანსამბლმა "იალონმა" თავისი სოლო კონცერტი და საგანმანათლებლო მასტერკლასი ამ დღეების ფარგლებში ჩაატარა.