საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, „ივლიტას ბიბლიოთეკაში“, „გურია ნიუსის“ ორგანიზებით, გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის წარჩინებულ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა.
განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებები, პროექტები, სამომავლო გეგმები _ ამ საკითხებზე პრემიერმა ახალგაზრდებს ვრცლად ესაუბრა.
შეხვედრა, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
„ივლიტას ბიბლიოთეკაში“ შეკრებილმა ახალგაზრდებმა მთავრობის მეთაურს რამდენიმე ინიციატივაც მიაწოდეს და განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზეც ესაუბრეს.
_ ასეთი ინიციატივები პირველად მოვისმინე, ჩავინიშნე და როგორც კი თბილისში ჩავალ, ყველა საკითხს გავივლი განათლების მინისტრთან. ძალიან საინტერესო და მნიშნელოვანი წინადადებები წამოვიდა თქვენგან და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, _ მიმართა ახალგაზრდებს პრემიერმა.
თანამდებობის პირების და პოლიტიკოსების გარეშე გამართული შეხვედრა ახალგაზრდებთან პრემიერისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა:
_ ახლა მე ვარ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაზე და ვარ ძალიან კმაყოფილი. მადლობა ამ დღისთვის „გურია ნიუსს“ და ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც აქ, ამ მშვენიერ ადგილას მობრძანდა, _ განაცხადა მთავრობის მეთაურმა და „ივლიტას ბიბლიოთეკაში“ მსგავსი ფორმატის შეხვედრის გამართვის პირობაც დადო.