"ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატი ჩოხატაური-ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში თემურ ჭკუასელი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ლანჩხუთელებს პირადად წარუდგინა.
შეხვედრა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წინ გაიმართა. პრემიერმა წარდგენისას სიტყვით მიმართა შეხვედრაზე მოსულ პარტიის აქტივისტებსა და რიგით ლანჩხუთელებს.
"ჩვენი მთავარი საზრუნავია, რაც შეიძლება მეტ ოჯახში მივიტანოთ უფრო მეტი კეთილდღეობა და შემოსავალი. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ყველა თქვენთაგანთან ერთად მოახდინა გარდატეხა ჩვენს ცხოვრებაში. დღეს თვისობრივად განსხვავებული წინასაარჩევნო პროცესი გვაქვს. ადამიანები მეტად არიან თავისუფლები. ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ისეთ რამეებზე გავაკეთეთ აქცენტი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, როგორიცაა ჯანდაცვის სფერო. მივაქციეთ ყურადღება სოფლის მეურნეობასაც. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილი და კარგად ვაცნობიერებთ რამდენი პრობლემაა, ამპრობლემების დასაძლევად ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა და რაც მთავარია, ქვეყნის სიყვარული", _ აღნიშნა პრემიერმა დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას და აქვე ისიც დასძინა, რომ ქვეყანაში ბოლო უნდა მოეღოს შუღლს, მტრობასა და დაპირისპირებას.