შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ენების გამოცდაში ჩაჭრილ აბიტურიენტთა ზუსტი რაოდენობა აგვისტოს მეორე ნახევარში გამოქვეყნდება.
როგორც "გურია ნიუსს" ცენტრში განუცხადეს, სტატისტიკური ანალიზი სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
"გამოცდების დასრულებისთანავე იწყება ნაშრომების გასწორება და ქვეყნდება პირველადი შედეგები. ყველა საგნის პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ იწყება აპელაციის პროცესი, როცა ესეც დასრულდება, საბოლოო შედეგებს გამოვაქვეყნებთ, მათ შორის სტატისტიკურ ანალიზსაც. სააპელაციო განაცხადების შედეგები, სავარაუდოდ, აგვისტოს მეორე ნახევარში გამოქვეყნდება", _ აცხადებენ შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით ყველა საგნის გასწორების პროცესი დასრულებული არ არის.
"ზოგადი უნარების გამოცდა კომპიუტერულად სწორდება და აპელაციის შემდეგ, როგორც წესი, შედეგები არ იცვლება. დანარჩენ საგნებში პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აპელაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ამის შემდეგ განისაზღვრება სტატისტიკური ანალიზიც, ვინ რომელ საგანში რამდენი პროცენტით გადალახა ზღვარი, სირთულე როგორ განისაზღვრა და ა.შ.", _ აღნიშნეს შეფასების და გამოცდების ეროცნულ ცენტრში.
ცნობისთვის, უცხოური ენის გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა.
წელს ინგლიურ ენაზე ყველაზე მეტი, 28 840 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, რუსულზე – 6 556, გერმანულზე – 11 33 და ფრანგულზე – 198.
აბიტურიენტებს საკუთარი ქულების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ვებ-გვერდზე შეუძლიათonline.naec.ge
გარდა ამისა, მათ შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის საიდენტიფიკაციო კოდი (საგამოცდო ბარათის ნომერი) უნდა გაგზავნონ ნომერზე 9 3 3 3 3. სმს შეტყობინების საფასური 50 თეთრია.