"გურია ნიუსის" ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, თეონა აქუბარდიას კანდიდატურა განიხილება.
აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსმა" აქუბარდიასთან გადაამოწმა, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ, დიდ ბრიტანეთში იმყოფება.
როგორც აქუბარდია ამბობს, ამ თემაზე საუბარი ჯერჯერობით არავისთან ჰქონია. შესაბამისად, მისი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ აქვს.
"ახლახანს დავამთავრე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამეფო კოლეჯი და საქართველოში ვბრუნდები. ორშაბათიდან ეროვნულ უშიშროების საბჭოში გავდივარ ისევ სამუშაოდ", _ აღნიშნა აქუბარდიამ "გურია ნიუსთან" საუბრისას.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაშიც არ ადასტურებენ.
"სამწუხაროდ, ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ", _ უთხრეს "გურია ნიუსს" მთავრობის კანცელარიაში.
ცნობისთვის, თეონა აქუბარდია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ 2014 წლის 3 ივნისს დაინიშნა.
ის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სპეციალისტია; დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, დოქტორანტურა. ახლახანს დაამთავრა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამეფო კოლეჯი.
აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტრატეგიაში.
მუშაობდა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მკვლევარად, საარჩევნო ინიციატივა- 2014 თანამშრომლად, საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორად.
2011-2013 წლებში იყო საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის აღმსრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში კითხულობდა სტრატეგიისა და ომის ხელოვნების კურსს მიწვეული ლექტორის რანგში.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით უკვე მიმართა და პოსტს პირველი აგვისტოდან დატოვებს.
ხიდაშელის შემცვლელად ასევე სახელდებოდნენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
თუმცა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი სესიაშვილისა ან კახა კახიშვილის კანდიდატურები განხილვას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ ადასტურებს.
"გრძელდება კონსულტაციები, მაგრამ არა ამ ორ კანდიდატთან დაკავშირებით. ირაკლი სესიაშვილი არის ძალიან ღირებული იქ, სადაც მოღვაწეობს, სავარაუდოდ, ის იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. რაც შეეხება კახა კახიშვილს, ის არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ძალიან კარგი მინისტრი და მე ვფიქრობ, რომ მისი გამოცდილება არის ძალიან ღირებული იქ, სადაც ის არის,"_ აღნიშნა პრემიერმა 20 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამავე თემაზე:
ჩემი კანდიდატურა არ განიხილება თავდაცვის მინისტრის პოსტზე- კახიშვილი
რას აცხადებს პრემიერი სესიაშვილის და კახიშვილის თავდაცვის მინისტრად შესაძლო დანიშვნაზე