გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე კახეთის რეგიონში იმყოფებოდა. დედოფლისწყაროში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაწვასთან დაკავშირებით პრევენციული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა.
სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ხანძრების პრევენციის სამოქმედო გეგმა შემუშავდა.
2015 წლის ივლისში ამ რეგიონში მომხდარმა ხანძრებმა ახლადგაშენებული ქარსაფარი ზოლის 90 კმ გაანადგურა. ივლისი და აგვისტო არის მოსავლის აღების აქტიური პერიოდი, იზრდება მსგავსი ხანძრების განმეორებისა და დიდი ზარალის მიღების რისკები, შესაბამისად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აქტიურობით პრევენციული რეაგირების გეგმა მომზადდა.