ოზურგეთის ფერმერული განვითარების ცენტრის ნაკვეთზე, 3 000 კვ.მ. მიწის მონაკვეთზე, მცენარე ამარანტი დათესეს. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან მცენარე ამარანტი (იგივე ჯიჯლაყა) უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს _ მასში ხორბალსა და სიმინდზე მეტი ამინომჟავაა და როგორც სილოსი _ შესანიშნავი საკვები საშუალებაა მსხვილფეხა პირუტყვისთვის.
_ ჩვენი მიზანია, პირველ ეტაპზე მივიღოთ ამარანტის თესლი და მერე მოვამარაგოთ მეცხოველეობის დარგში დასაქმებული ფერმერები ამ მცენარის თესლით, რომ თავად მოიყვანონ სასილოსედ საკუთარ ფართობებზე. ერთ ჰექტარ ფართობზე შესაძლებელია 200 ტონა სასილოსე მასის მიღება. მომავალში შესაძლებელი იქნება ისიც, რომ თითოეულმა ფერმერმა გარკვეულ მონაკვეთზე სათესლე მასალა მიიღეს, დანარჩენი კი სასილოსედ აწარმოოს. ჩვენ ახლა ვაკვირდებით, რა მოხდება, რადგან პირველად მოხდა ამარანტის დათესვა. შედეგი კარგი უნდა იყოს. შესაძლოა, ფერმერებს სულაც უფასოდ გადაეცეთ ამარანტის თესლი. ეს დამოკიდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებაზე _ ერთი კილოგრამი თესლი 100 ლარი ღირს. მასში 22 სახის ვიტამინია და საუკეთესო საშუალებაა პირუტყვისთვის, როგორც ყუათიანი საკვები, _ ამბობს ა(ა)იპ ოზურგეთის ფერმერული განვითარების ცენტრის დირექტორი შალვა შავიშვილი.
ამ ეტაპზე იგეგმება ამარანტის მხოლოდ სათესლე მასალის მიღება. მისგან მოსავლის მიღება წელიწადში ორჯერაა შესაძლებელი.